ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ვალდის დომბროვვსკისა და ცენტრალური ევროპის ხუთი ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრა, უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებით, შეთანხმების გარეშე დასრულდა.
ეს ქვეყნები უარს ამბობენ, საზღვრები გაუხსნან უკრაინულ პროდუქტს.
მათი მოთხოვნაა, გაფართოვდეს აკრძალული აგრარული პროდუქტების სია და ჩამონათვალს დაემატოს კვერცხი და ფრინველის ხორცი.
ევროკომისია ჯერჯერობით, მხოლოდ ხორბლის, სიმინდის, რაფსისა და მზესუმზირას იმპორტის აკრძალვაზეა თანახმა.
პოლონეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრები აცხადებენ, რომ მათ სურთ, აიკრძალოს მზესუმზირას ზეთი, ფქვილი, თაფლი, შაქარი, რბილი ხილი, კვერცხი, რბილი საკვები, რძე და რძის პროდუქტები.
შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია მზად არის დათმობაზე წავიდეს და გააფართოოს საქონლის სია, რომლებზეც გავრცელდება აკრძალვა.
მოლაპარაკებები პოლონეთთან, სლოვაკეთთან, უნგრეთთან, რუმინეთთან და ბულგარეთთან სოფლის მეურნეობის მინისტრების დონეზე გაგრძელდება.
როგორც ცნობილია, ევროპის ხუთმა ქვეყანამ სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტი აკრძალა უკრაინიდან.