ევროკომისია მიიჩნევს, რომ გაუმართლებელია ის ცალმხრივი სავაჭრო გადაწყვეტილებები, რაც პოლონეთმა და უნგრეთმა მიიღეს.
„ჩვენთვის ცნობილია პოლონეთისა და უნგრეთის გადაწყვეტილება უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტის აკრძალვის შესახებ. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სავაჭრო პოლიტიკა ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციაა და შესაბამისად ცალმხრივი ქმედებები მიუღებელია. ასეთ რთულ დროს უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირის შიგნით ყველა გადაწყვეტილების კოორდინაცია და ჰარმონიზაცია“, – ნათქვამია ევროკომისიის პრესმდივნის განცხადებაში.
როგორც ცნობილია, ჯერ პოლონეთის მთავრობამ, მომდევნო დღეს კი, უნგრეთმა აკრძალა უკრაინული მარცვლეულის და ათამდე სხვა სახის სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი და ტრანზიტი.
უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტრომ წუხილი გამოთქვა პოლონეთის გადაწყვეტილების გამო.
როგორც ცნობილია, პოლონური ბაზრის იაფი უკრაინული პროდუქტით გადატვირთვამ ადგილობრივი ფერმერების პროტესტი გამოიწვია.
მანამდე, პოლონეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა მიმართეს ოფიციალურ ბრიუსელს თხოვნით, შეეზღუდა უკრაინული მარცვლეულის, მზესუმზირას, კვერცხის, შაქრის იმპორტი ევროკავშირში, რაზეც უარი მიიღეს.
მას შემდეგ, რაც უკრაინის ტრადიციული საექსპორტო მარშრუტები რუსეთმა ჩაკეტა, პოლონეთმა და რეგიონის სხვა ქვეყნებმა უკრაინას მარცვლეულის ტრანსპორტირებაში დახმარება შესთავაზეს. შედეგად, მათი ბაზარი შედარებით იაფი უკრაინული პროდუქტით გაივსო, რამაც ადგილობრივ მარცვლეულზე ფასების ვარდნა გამოიწვია.