2024 წლის იანვარ-აპრილში ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტი 45%-ით შემცირდა – ამას აჩვენებს საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემები.
2023 წლის იანვარ-აპრილში ევროპაში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი $230.485 მლნ-ს შეადგენდა, წელს ოთხ თვეში კი ეს მაჩვენებელი $125.906 მლნ-მდე შემცირდა.
ექსპორტის ანალოგიურად, შემცირდა რეექსპორტიც, თუ 2023 წელს ევროკავშირის ქვეყნებში $59.122 მლნ-ს პროდუქცია „გადავყიდეთ“, წელს რეექსპორტმა $37.622 მლნ შეადგინა.
კლება ძირითადად, მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტის კლებამ განაპირობა. თუ 2023 წლის 4 თვეში ექსპორტიც მოცულობა $131.766 მლნ იყო, წელს ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ $9.853 მლნ-ს შეადგენს. უმნიშვნელოდ $9.044 მლნ-დან $10.217 მლნ-მდე გაიზარდა მხოლოდ ღვინის ექსპორტი.
მიმდინარე წლის 4 თვეში, მცირედით, მაგრამ გაიზარდა იმპორტის მაჩვენებელი. კერძოდ, 2024 წლის იანვარ-აპრილში ევროკავშირიდან საქართველოში $1.301 მლრდ-ს ღირებულების პროდუქტი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი $1.137 მლრდ-ს.
top-5 ქართული პროდუქტი, რომელიც წელს ევროკავშირის ქვეყნებში გავყიდეთ:
- სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი – $20.965 მლნ
- თხილი და სხვა კაკალი – $15.245 მლნ
- ყურძნის ნატურალური ღვინოები – $10.217 მლნ
- მადნები და კონცენტრატები სპილენძის – $9.853 მლნ
- ფეროშენადნობები – $8.686 მლნ
top-5 პროდუქტი, რომელიც წელს ევროკავშირის ქვეყნებში ვიყიდეთ:
- მსუბუქი ავტომობილები – $143.590 მლნ
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $142.990 მლნ
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – $96.987 მლნ
- სატვირთო ავტომობილები – 34.307 მლნ
- სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით – $27.431 მლნ
top-5 პროდუქტი, რომელიც წელს ევროკავშირის ქვეყნებში რეექსპორტით გავიდა:
- მსუბუქი ავტომობილები – $7,280
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – $6.876
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $5.869 მლნ
- ელექტრული წყალგამახურებლები – $4.754 მლნ
- რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი – $2.059 მლნ