2023 წლის 11 თვეში საქართველოდან ექსპორტი ევროკავშირში შემცირებულია. სულ ამ პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტზე $669 მილიონის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით $129 მილიონით, ანუ 16%-ით ნაკლებია.
საქსტატის მონაცემების თანახმად, ევროკავშირის წილი მთლიან ექსპორტში 12%-მდე არის შემცირებული.
როგორც ოფიციალური მონაცემებიდან ჩანს, ევროკავშირში ექსპორტის შემცირება უმეტესად სპილენძის მადნების ექსპორტის კლებამ განაპირობა. ამ დასახელების საქონლის ექსპორტი წელს, 11 თვეში, თითქმის 28%-ზე მეტად არის შემცირებული და $295 მილიონს შეადგენს.
ევროკავშირის ბაზარზე შემცირდა თხილის და კაკლის ექსპორტიც – $65 მილიონიდან $46 მილიონამდე.
საექსპორტო პროდუქციის ყველაზე დიდი კლება ბულგარეთში ფიქსირდება. ცნობისთვის, ბულგარეთი ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ათეულში შედის. მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში ბულგარეთში $249 მილიონის ექსპორტი განხორციელდა.