ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო, რომელიც 106 ფიზიკურ და 88 იურიდიულ პირს შეეხება. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრესრელიზშია მითითებული, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
ჩამონათვალში შეიყვანეს ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც კავშირში არიან სამხედრო და თავდაცვის სფეროსთან. ისინი მონაწილეობენ რუსეთის ფედერაციისთვის იარაღის მიწოდებაში და უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში.
საერთო ჯამში, ევროკავშირის შემზღუდავი ზომები 2000-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე გავრცელდება.
კერძოდ, მათი აქტივები დაექვემდებარება გაყინვას, ასევე, ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ მათთვის თანხების გადარიცხვა. ხოლო სანქცირებულ ფიზიკურ პირებს აეკრძალებათ ევროკავშირში შესვლას ან ტრანზიტი.
ევროსაბჭომ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის უშუალო მხარდამჭერთა სიას 27 ახალი სუბიექტი დაამატა. ისინი დაექვემდებარებიან უფრო მკაცრ საექსპორტო შეზღუდვებს რუსეთისთვის ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების მიწოდების გამო
„ზოგიერთი კომპანია და ორგანიზაცია დაფუძნებულია მესამე ქვეყნებში – ინდოეთში, შრი-ლანკაში, ჩინეთში, სერბეთში, ყაზახეთში, ტაილანდსა და თურქეთში. ისინი დაეხმარნენ რუსეთს სანქციების გვერდის ავლით, იარაღის ელექტრონული კომპონენტების წარმოებასა და განვითარებაში”, – ნათქვამია პრესრელიზში.
გარდა ამისა, ევროკავშირმა დამატებითი შეზღუდვები დააწესა ელექტროტრანსფორმატორების და თვითმფრინავების კომპონენტების რუსეთში ექსპორტზე.