ევროპულ ბაზარზე აშშ დოლარის და ევროს ფასები შეიძლება გათანაბრდეს. ამის შესახებ Financial Times წერს. ეკონომისტების პროგნოზის მიხედვით, ეს შესაძლოა ექვს თვეში მოხდეს.
კურსების დაახლოების ალბათობა ამჟამად 10%-ით არის შეფასებული, თუმცა, საგულისხმოა, რომ წლის დასაწყისში ეს სცენარი საერთოდ არ განიხილებოდა.
იანვრის შემდეგ ევრო დოლართან მიმართებაში უკვე 3,5%-ით დაეცა. იმისთვის, რომ ამერიკული და ევროპული ვალუტის ფასები გათანაბრდეს, ევრო თითქმის 6,5%-ით უნდა გაიაფდეს. დოლარი-ევროს გათანაბრების შანსებს ზრდის მაღალი ინფლაცია და ძლიერი ეკონომიკური ზრდა შეერთებულ შტატებში.
ევროზონაში წლიური ინფლაცია მარტში 2.4%-მდე დაეცა და ეკონომიკური ზრდა ასევე შენელებული რჩება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სამშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ის ეკონომიკა 2024 წელს 2,7%-ით გაიზრდება, რაც ევროზონის ზრდის ტემპზე 3-ჯერ მაღალია.
გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთში შესაძლო გამწვავების მოლოდინი და ნავთობის გაძვირების მაღალი ალბათობა საფრთხეს უქმნის ევროს, რადგან ევროპა ენერგიის იმპორტზეა დამოკიდებული.
ბოლოს ევრო დოლართან შედარებით 2022 წელს დაეცა, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და დოლარის კურსის მკვეთრი ზრდის ფონზე.