PMC Research-ის თანახმად, 2023 წლის დეკემბერში საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი (სფი), 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, 7%-ით შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ წლიური ფასები განსაკუთრებით შემცირდა 3*, 4*, 5* სასტუმროების კატეგორიისთვის -10%-ით. ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 5.5%-ით შემცირდა.
წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო გურიაში (19.6%), ყველაზე ნაკლები კი თბილისში (-11.5%).
ამავდროულად, სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის დეკემბერში, 2023 წლის ნოემბერთან შედარებით, 10.9%-ით გაიზარდა.
3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 7%-ით გაიზარდა.
თვის ჭრილში ზრდა ყველაზე მაღალი სამცხე-ჯავახეთში (25.1%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი სამეგრელო-ზემო სვანეთში (0%).
2023 წლის დეკემბერში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 157 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 253 ლარი.
საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა დეკემბერში 123 ლარი შეადგინა.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასი დეკემბერში 407 ლარი იყო.
კახეთში ამ ტიპის სასტუმროებში სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 547 ლარი შეადგინა, თბილისში – 529 ლარი, გურიაში – 409 ლარი, ხოლო აჭარაში საშუალო ფასი 325 ლარი იყო.
PMC Research-ის ცნობით, სასტუმროები შეირჩა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ანალიზი მოიცავს booking.com-ზე დარეგისტრირებულ, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ 3*, 4*, 5* სასტუმროების 71%-ს (312 ობიექტი) და საოჯახო ტიპის სასტუმროების 25%-ს (456 ობიექტი). 3*, 4* და 5* სასტუმროების ფასებზე მონაცემების მიღება ხდება სასტუმროებთან დაკავშირების საფუძველზე, ხოლო საოჯახო სასტუმროების ფასებზე ინფორმაციის წყარო booking.com-ია.