ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ამბობს, რომ ხელისუფლებას მისთვის რაჭაში 104 000 ჰექტარი 49 წლის ვადით, 11 ლარად არ გადაუცია.
დავით ხიდაშელის თქმით, მან მხოლოდ ნადირობის ლიცენზია შეიძინა.
„ლიცენზია ვიყიდეთ ნადირობისთვის. არც ტყესთან, არც მიწასთან და არც ხალხთან ამას შეხება არ აქვს. პირიქით, ხალხი უნდა დაასაქმონ ტყის გასასუფთავებლად, თან ბევრი. წაიკითხეთ და გაეცანით პირობებს. ვალდებულების მეტი არაფერია, მითუმეტეს, ყველას შევთავაზე ნახევარ წილში შემოსვლა, მაგრამ არავინ შემოვიდა“, – აცხადებს ინტერპრესნიუსთან ბიზნესმენი.
დღეს რეფორმების ჯგუფის წევრებმა –ხათუნა სამნიძემ, თეონა აქუბარდიამ და დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს 49 წლის ვადით, მხოლოდ 11 ლარად გადასცა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ტერიტორია, რომლის ფართობი 104 712 ჰექტარია.
დეპუტატების თქმით, რუსი ბიზნესმენებისთვის მიწების და ტყეების გადაცემა, ასევე, ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესების ხელყოფა, არის ქვეყნის მტრობა და ღალატი.
ლიცენზიით, რომელიც დავით ხიდაშელს 2021 წლის იანვარში გაუფორმეს, ითვალისწინებს 49-წლიან სარგებლობაში ტყეების გადაცემას შემდეგ ტერიტორიებზე: ამბროლაური, ონი, ნიკორწმინდა, ურავი, მრავალძალი, შქმერი, უწერა, ჭიორა, ღები, გლოლა, პიპილეთი, წედისი, ირი და რაჭის კიდევ 70 სოფლის ირგვლივ არსებულ ტყეები.
ამ თემაზე ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება https://mtisambebi.ge-მა გამოაქვეყნა.