უკრაინა-პოლონეთის საზღვარი ბლოკირებულია. საზღვართან მიმდინარე გაფიცვას, რომელსაც სატრანსპორტო კომპანიები ორ კვირაზე მეტია მართავენ, პოლონელი ფერმერებიც შეუერთდნენ.
საზღვართან სატვირთო მანქანების გრძელი რიგი დგას. პოლონელმა გადამზიდავებმა გაფიცვა უკრაინელი კოლეგებისთვის სანებართვო სისტემის აღდგენის მოთხოვნით დაიწყეს.
როგორც ცნობილია, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის მხარდასაჭერად, ევროკავშირმა უკრაინელ გადამზიდავებს მის ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მისცა. მიმდინარე წლის ზაფხულში ევროკავშირმა ამ წესის მოქმედების ვადა 2024 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა. ამან საზღვრებთან მანქანების უზარმაზარი რიგები გამოიწვია.
პოლონელი გადამზიდავები მიიჩნევენ, რომ უკრაინელებთან შედარებით არაკონკურენტულ პირობებში აღმოჩნდნენ, ამიტომ ითხოვენ:
- უკრაინელი მძღოლებისთვის შეღავათის გაუქმებას და ძველი სანებართვო სისტემის დაბრუნებას;
- ცარიელი პოლონური სატვირთო მანქანების საზღვარზე რიგგარეშე გატარებას;
- ევროკავშირის საზღვრებს გარედან შესული გადამზიდავების პოლონეთში რეგისტრაციის აკრძალვას.
ისინი აქციების წლის ბოლომდე გაგრძელებას აპირებენ.
საზღვარზე ტვირთების შეფერხებას უკვე მოჰყვა უკრაინაში საწვავის გაძვირება. ამასთან, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ გაფიცვა ხელს უშლის უკრაინის არმიისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებას.
უკრაინის მთავრობა სიტუაციის მოგვარებას ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. უკრაინამ და პოლონეთმა გასულ კვირას გამართეს მოლაპარაკებები ბლოკადის მოხსნაზე, მაგრამ პროგრესს ვერ მიაღწიეს.
ცნობისთვის, უნგრეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ჩეხეთისა და ლიეტუვის საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირის წევრებმა მოუწოდეს ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, გადახედოს ლიბერალიზაციის შეთანხმებას.
დღეს, უკრაინის საზღვარზე სატვირთოებს გზა სლოვაკმა გადამზიდავებმაც გადაუკეტეს.