სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კარტოფილის, კომბოსტოს, ჭარხლის, ყვავილოვანი კომბოსტოსა და ნესვის 13 ნიმუშში ნიტრატების მაღალი შემცველობა აღმოაჩინა.
სააგენტოს ინსპექტორები ადგილობრივ და იმპორტულ ხილში ტყვიას, კადმიუმს, სპილენძს, თუთიას, ნიტრატს, რადიონუკლიდებსა და პესტიციდების ნარჩენებს იკვლევდნენ.
მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცალო და საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებიდან 150-ზე მეტი ნიმუში აიღეს და შესამოწმებლად აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნეს.
კვლევის შედეგად, პესტიციდების ნარჩენები, აგრეთვე ტყვიის, კადმიუმის, სპილენძის, თუთიისა და რადიონუკლიდების გადაჭარბებული შემცველობა არ გამოვლენილა;
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად, ბიზნესოპერატორებს დაევალათ მავნე სურსათის რეალიზაციის აღკვეთა, ბაზარზე განთავსებული პროდუქტის გამოთხოვა და ამ მიზნით მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს ინფორმირება.
სურსათის ეროვნული სააგენტო მცენარეული წარმოშობის სურსათის პესტიციდების შემცველობასა და ქიმიურ მაჩვენებლებზე შემოწმებას განაგრძობს. წლის განმავლობაში 300 ნიმუშის აღება და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევაა დაგეგმილი.