ბოლო დროს კიბერთაღლითები ახალი სქემით მოქმედებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია საზოგადოება და ბაკების ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, კიბერთაღლითობის ახალ სქემას, რომელსაც ბოლო დროს ინტერნეტსივრცეში ხშირად მიმართავენ, შემდეგი სახე აქვს:
ბანკის მომხმარებლებს ეგზავნებათ SMS შეტყობინება, რომელიც სხვადასხვა სერვისის გადახდის დავალიანებას ატყობინებს. მაგალითად: NETFLIX-ის ან საქართველოს ფოსტის სერვისის გადასახადი.
მომხმარებელი გადადის ყალბ ბმულზე, შეჰყავს პირადი ინფორმაცია და ეხვევა მახეში, რადგან ბარათის მონაცემების გაზიარებისას კიბერთაღლითი მონაცემებს იპარავს. ამის შემდეგ ის მოპარული ბარათის მონაცემებს ამატებს Apple/Google Pay wallet-ში, რა დროსაც მომხმარებელს ეგზავნება SMS კოდი ოპერაციის დადასტურებისთვის. სამწუხაროდ, მომხმარებელი ამ კოდსაც აზიარებს.
კიბერდამნაშავე კი wallet-ში დამატებული ბარათით ახორციელებს გადახდებს პოს ტერმინალზე ან ელექტრონულ კომერციაში, ვებგვერდზე.
რა რჩევები უნდა გავითვალისწინოთ ასეთ დროს:
• არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულზე
• დააკვირდით ბმულს. როგორც წესი, ოფიციალური აპლიკაციის/ვებგვერდის სიმბოლოებში განსხვავებაა
• თავად აკრიფეთ მისამართი და დააკვირდით ბოქლომს (უნდა იყოს დახურულ მდგომარეობაში)
• არასდროს გაუზიაროთ არავის პირადი საბანკო მონაცემები და ერთჯერადი კოდი.