ბიძინა ივანიშვილის ქართუ ფონდმა ლაგუნა ვერე გაასხვისა. მყიდველი შპს ნეო სითი დეველოპმენტია. მის საკუთრებაში გადავა თბილისის ცენტრში მდებარე ძველი საცურაო აუზის 12 665 კვ.მ-ის ფართის ქონება.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს ნეო სითი დეველოპმენტი 2023 წლის 23 მარტში არის დარეგისტრირებული, რომლის ერთპიროვნული მფლობელი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი მარიკა ვერულაშვილია.
ლაგუნა ვერეს 100%-იანი წილის მფლობელია ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი ქართუ.
ლაგუნა ვერეს მესაკუთრე 2007 წლიდან ბიძინა ივანიშვილია. საცურაო კომპლექსი მასთან დაკავშირებულმა სს იუნიონმა იყიდა, რომელიც ოფშორში რეგისტრირებულ Ringold Finance Limited-ს ეკუთვნის. შემდეგ კი ქონება ქართუ ფონდის ბალანსზე გადაიტანეს.
ლაგუნა ვერემ ფუნქციონირება 2014 წელს შეწყვიტა არამომგებიანობისა და ამორტიზებულობის მიზეზით.
მას შემდეგ მმართველი პარტია არაერთხელ დაჰპირდა ამომრჩეველს მის აღდგენას, თუმცა, საცურაო აუზის ტერიტორია დღემდე უფუნქციო და მიტოვებულია.