პარასკევს ბიტკოინის ფასი $31,818 გახდა და ბოლო ერთი წლის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიახლოვდა.
$2,000-ს გადასცდა ეთერიუმის ფასი. იმატებს სხვა კრიპტოვალუტების ღირებულებაც.
ფასის ზრდას ბიძგი მისცა კრიპტოვალუტა XRP-ის შემქმნელი კომპანიის – Ripple-ის მიერ სასამართლო დავის მოგებამ, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა.
ხუთშაბათს ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა მოსამართლემ გამოაცხადა, რომ XRP-ის საჯარო ბირჟებზე გაყიდვით Ripple-ს ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონი არ დაურღვევია
ეს კრიპტოვალუტის მწარმოებელი კომპანიის პირველი მოგებული საქმეა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) წინააღმდეგ, რამაც ოპტიმისტურად განაწყო კრიპტოინვესტორები.
თითქმის 25%-ით გაიზარდა კრიპტოვალუტების სავაჭრო პლატფორმა Coinbase-ის აქციები, რომელსაც გასულ თვეში SEC-მა ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევისთვის უჩივლა.
ინვესტორები იმედოვნებდნენ, რომ Ripple-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება წაადგება Coinbase-ს და კრიპტობაზრის სხვა მოთამაშეებსაც.