პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს $39 215 820 კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება.
საუბარია 8 253 ბიტკოინის მითვისებაზე, რომელთა ღირებულებაც იმ პერიოდში იყო 39 მილიონი დოლარი. (დღევანდელი კურსით ეს პორტფელი 258 მილიონი დოლარი ღირს).
ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი 19:00 საათზე გაიმართება, სადაც ცნობილი გახდება, რა ზომას მოითხოვს პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2015 წლის ზაფხულში, მისი პირადი და ინვესტორის თანხებით კრიპტოვალუტა – ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია ჩადო.
ბიტკოინის მაინინგის მომსახურებაზე პასუხისმგებელი უცხოური კომპანია იყო, რომელმაც ბაჩიაშვილის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოსთან 1-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
ხელშეკრულების ღირებულებად $6,305 მილიონი განისაზღვრა, საიდანაც ინვესტორის კუთვნილი თანხა $5 მილიონი იყო, ხოლო ბრალდებულის – $1,305 მილიონი რჩებოდა.
1 წლის განმავლობაში კომპანიამ 24 661.85 ბიტკოინი გამოიმუშავა, საიდანაც, ინვესტორის სუფთა მოგება 8 253.13 ბიტკოინი იყო.
პროკურატურისვე ინფორმაციით, 2017 წლის ოქტომბერში, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ $536 900 გადასცა, ხოლო ინვესტორის დარჩენილი კუთვნილი $8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მიითვისა, რომლის ღირებულებაც იმ პერიოდში $39, 215 820 შეადგენდა.
პროკურატურა ირწმუნება, რომ კრიპტოვალუტის მითვისების შემდეგ, ბრალდებულმა კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციების, განაღდების, სხვადასხვა ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობაში ჩართვის, მისით სარგებლობის, ქონებების შეძენისა და ფლობის, კონვერსიის და სხვა ქმედებების განხორციელებით, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, ადგილმდებარეობა, განთავსება, მოძრაობა, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული უფლებები.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა მითვისებული თანხით უძრავი და მოძრავი ქონება, ასევე საწარმო-სუბიექტების მეშვეობით სხვადასხვა ქონებები და აქტივები შეიძინა.
გიორგი ბაჩიაშვილი ბრალდებაზე კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ მის პოზიციას პროცესის შემდეგ ადვოკატი დააფიქსირებს.
დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თანაინვესტირების ფონდის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, გიორგი ბაჩიაშვილს თანაინვესტირების ფონდში 2013 წლიდან 6 წლის განმავლობაში აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია ეკავა.
2019 წლის მაისიდან, მან ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე გადაინაცვლა და დღემდე ამ თანამდებობაზეა.