2023 წლის აგვისტოში კომერციულ ბანკებში დეპოზიტების განთავსების მაჩვენებელი, ივლისის თვესთან შედარებით, შემცირებულია.
აგვისტოს ბოლოსათვის ბანკებში 48.06 მლრდ ლარის დეპოზიტი იყო განთავსებული, რაც 276.96 მლნ ლარით, ანუ 0.58%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.97%-ით მეტი).
თუმცა, ეს მაჩვენებელი 3,4-ჯერ ნაკლებია ივლისში შეტანილი ანაბრების ოდენობაზე, როცა ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საბანკო ანგარიშებზე 989.47 მლნ ლარის ანაბარი განათავსეს.
აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 934.94 მლნ ლარით, ანუ 5.11%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 5.41%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 657.98 მლნ ლარით, ანუ 2.23%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 1.79%-ით).
წინა თვესთან შედარებით 0.91%- ით გაიზარდა დეპოზიტების ლარიზაცია (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.72%-ით) და აგვისტოს ბოლოსათვის 50.27% შეადგინა.
აგვისტოში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 8.91%-ს შეადგენდა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.52%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე სარგებელი 1.55%-ია.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 78.31%, ხოლო ევროს წილი 19.78%-ია.