2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს 50.1 მილიარდი ლარის კრედიტები აქვთ გაცემული, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ოქტომბერში დაკრედიტების მოცულობა 953 მილიონი ლარით გაიზარდა და ოქტომბრის ბოლოს 50.12 მლრდ ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 431.98 მლნ ლარით (1.60%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 521.07 მლნ ლარით (2.36%-ით) გაიზარდა.
ოქტომბერში კრედიტების ლარიზაცია 0.18-ით შემცირდა და 54.82%-ს შეადგენს.
სებ-ის ანგარიშის თანახმად, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ლარში გაცემული ჰქონდათ 8.21 მლრდ ლარის კრედიტი (წინა თვესთან შედარებით 2.51%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 14.04 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.43%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.57%-ით მეტი).
2023 წლის ოქტომბრის განმავლობაში 1.06%-ით, ანუ 275.01 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ოქტომბრის ბოლოსათვის 26.12 მლრდ ლარი შეადგინა.