საქართველოში აშშ-ის საელჩო ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, სატრანსპორტო ჰაბად გადაქცევის დიდი პოტენციალი აქვს და შეერთებული შტატები საქართველოს აეროპორტის სატრანსპორტო ჰაბად გადაქცევაში დაეხმარება.
„ქუთაისის აეროპორტს სატრანსპორტო ჰაბად ქცევის დიდი პოტენციალი აქვს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, ის დიდი სარგებელი, რომელსაც ის დასავლეთ საქართველოს ფერმერებს მოუტანს, თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტის საექსპორტო ჰაბადაც გადაიქცევა.
შეერთებული შტატები მზად არის ამ მიმართულებით დაეხმაროს ქუთაისის აეროპორტს. ჩვენ უკვე მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს, ვმუშაობთ რა თვითმფრინავების სარემონტო ცენტრის გამართვაზე, მარკეტინგის გაძლიერებასა და თანამშრომლების მომზადებაზე“, – წერია საელჩოს განცხადებაში.
როგორც ცნობილია, ადგილობრივ ფერმერებს პროდუქციის ტრანსპორტირების პრობლემა აქვთ, რაც ექსპორტს აფერხებს. განსაკუთრებით დიდ სირთულეებს ისინი მალფუჭებადი მოსავლის ტრანსპორტირებაში აწყდებიან. ისინი წლებია, საქართველოს მთავრობას ქუთაისის აეროპორტიდან კომერციული რეისების დანიშვნას სთხოვენ.