შეერთებული შტატების ბიუჯეტში მხოლოდ $1 მილიარდი დარჩა უკრაინის დასახმარებლად. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საუბარია თანხაზე, რომელიც რეზერვების შესავსებად სჭირდება აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს, რომელიც უკრაინას აწვდის იარაღს.
მისი განმარტებით, აშშ-მა სახსრების 96% პენტაგონის რეზერვების შესავსებად უკვე გამოიყენა და ამ თვეში გეგმავს დარჩენილი 4%-ის გამოყენებას.
„როგორც კი ეს თანხები ამოგვეწურება, ჩვენ ვერ შევძლებთ საკუთარი მარაგების შევსებას და ვერ ჩავანაცვლებთ იმას, რასაც უკრაინაში ვაგზავნით. ეს საკითხი არის სასწორზე”, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
მან განმარტა, რომ ეს იყო უკრაინის პრეზიდენტის – ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტისა და კონგრესში მისი შეხვედრების ერთ-ერთი მიზეზი.
ჟურნალისტის კითხვაზე, მოახერხა თუ არა უკრაინის პრეზიდენტმა როგორმე გავლენა მოახდინა სიტუაციაზე, ჟან-პიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები დაფინანსებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა დეტალებს ვერ დაასახელებს.
ჟან-პიერმა ასევე აღნიშნა, რომ კონგრესმა უნდა გადადოს საშობაო არდადეგები მანამ, სანამ არ დაამტკიცებს დამატებითი დაფინანსების პაკეტს უკრაინის, ისრაელის, ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონისა და სასაზღვრო უსაფრთხოებისთვის.
უკრაინისა და ისრაელისთვის ერთობლივი დახმარების ახალი პაკეტის მოცულობა $106 მილიარდია. აქედან $61,4 მილიარდი განკუთვნილია უკრაინისთვის, მათ შორის $46,1 მილიარდი – თავდაცვისთვის გაძლიერებისთვის.