აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ პირველად გადასცემს უკრაინას სანქცირებული რუსი ოლიგარქებისგან ჩამორთმეულ აქტივებს.
„პირველად გადავცემთ უკრაინას რუსი ოლიგარქებისგან ჩამორთმეულ აქტივებს, რომლებიც გამოყენებული იქნება უკრაინელი სამხედრო ვეტერანების მხარდასაჭერად“, – განაცხადა მან.
საუბარია $5,4 მილიონზე, რომელიც იქნება აშშ-ის $1-მილიარდიანი დახმარების პაკეტის ნაწილი, რომლის შესახებ აშშ-მა 6 სექტემბერს გამოაცხადა.
აღნიშნული ფინანსური პაკეტიდან $175 მილიონი განკუთვნილია საჰაერო თავდაცვის სისტემის კომპონენტებისთვის, HIMARS რაკეტებისთვის, საბრძოლო მასალისა და საკომუნიკაციო სისტემებისთვის.
$100 მილიონი მოხმარდება გრძელვადიან სამხედრო საჭიროებებს.
$90,5 მილიონი იქნება ჰუმანიტარული დახმარება ნაღმების გაწმენდისთვის.
$300 მილიონი – ძალოვანი სტრუქტურების მხარდასაჭერად, რათა აღადგინონ და შეინარჩუნონ წესრიგი გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.
$206 მილიონი გამოიყოფა ჰუმანიტარული დახმარებისთვის, მათ შორის საკვების, წყლისა და თავშესაფრისთვის იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, ასევე საზღვარგარეთ ლტოლვილებისთვის.
$203 მილიონი – ინსტიტუციური გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მხარდასაჭერად, ანტიკორუფციული, კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების რეფორმების გასაძლიერებლად და რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოსაძიებლად.
კიევში ბლინკენმა თქვა, რომ ვაშინგტონი უკრაინის კონტრშეტევაში პროგრესს ხედავს და უკრაინას ექნება დახმარება, რომელიც მას სჭირდება ახლა და გრძელვადიან პერსპექტივაში.