აშშ-ის სენატმა მიიღო კანონპროექტი ფედერალური მთავრობის მუშაობის დროებითი დაფინანსების შესახებ. კანონპროექტს მხარი 87-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 11-მა მისცა ხმა.
დოკუმენტი, რომელიც ერთი დღით ადრე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა, ისრაელისა და უკრაინის დახმარების ხარჯებს არ ითვალისწინებს.
დროებითი ბიუჯეტის დოკუმენტზე აშშ-ის პრეზიდენტის – ჯო ბაიდენის ხელმოწერის შემდეგ, აშშ თავიდან აიცილებს დახურვას, ე.წ შათდაუნს – ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერებას.
აშშ-ის კონგრესმა ჯერ ვერ შეძლო წლიური ბიუჯეტის დამტკიცება. ახალ ბიუჯეტზე დებატები სექტემბერში დაიწყო. რესპუბლიკელები ხარჯების შემცირებას ითხოვდნენ, ხოლო დემოკრატები პროექტის დაბლოკვით იმუქრებოდნენ, თუ ძალიან დიდი შემცირება იქნებოდა.
ცნობისთვის, კონგრესმა სექტემბერში 45-დღიან დროებით ბიუჯეტს დაუჭირა მხარი, ხოლო ახალი, ასევე დროებითი ბიუჯეტი 2024 წლის 19 იანვრამდე იქნება ძალაში. ის აფინანსებს სამთავრობო პროგრამებს და დეპარტამენტებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სამხედრო ხასიათის მშენებლობებზე, ვეტერანთა საქმეებზე, ტრანსპორტზე, ენერგეტიკაზე.