საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება, წინა წელთან შედარებით 3.6%-ით, ხოლო 2020 წელთან შედარებით, 17.3%-ით გაიზარდა.
უფრო ადრე, 2012 წლიდან მოყოლებული, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა ყოველწლიურად საშუალოდ 4.5% იყო.
სულ გასულ წელს ქვეყანამ 14,550 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობაზე 562 ათასი კილოვატით მეტია. დანაკლისი უმეტესად ადგილობრივი თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიით შეივსო. შესაბამისად, ქვეყანას ნაკლები მოცულობის იმპორტი დასჭირდა, რაც სტატისტიკაშიც აისახა – ელექტროენერგიის იმპორტი წინა წელთან შედარებით 23.6%-ით, ხოლო 2020 წელთან შედარებით, 4.8%-ით შემცირდა.
ოკუპირებული აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგია კი წინა წელთან შედარებით 2.5%-ით, ხოლო 2020 წელთან შედარებით თითქმის 19%-ით არის გაზრდილი.
2022 წელს აფხაზეთზე მიწოდებული ელექტროენერგიის წილმა 21% შეადგინა. როგორც ცნობილია, აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას საქართველოს ბიუჯეტი აფინანსებს.