NDI-ის (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის) და CRRC-საქართველოს კვლევაში, რომელიც დღეს, 11 დეკემბერს გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის მთავარი ეკონომიკური გამოწვევაა უმუშევრობა, დაბალი ხელფასები და ფასების ზრდა.
აღნიშნული გამოწვევების რიგითობა ასეთია:
- უმუშევრობა – 58%
- დაბალი ხელფასები – 48%
- ფასების ზრდა – 43%
- სიღარიბე – 23%.
კვლევაში მითითებულია, რომ უმუშევრობას, სხვა ჯგუფებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებად პრობლემურად მიიჩნევენ თბილისის მცხოვრებლები და ქართული ოცნების მხარდამჭერები.
გაზრდილია ხელფასით უკმაყოფილოთა რიცხვი. კვლევაში წერია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში დაბალი ხელფასები რიგით მეორე ყველაზე დიდ პრობლემად იქცა.
„ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის“, – წერია NDI-ის კვლევაში.
კვლევის თანახმად, ოთხი წლის წინანდელთან შედარებით, მეტი მოქალაქე ამბობს, რომ მათი ოჯახის შემოსავალი გაიზარდა, მაგრამ ამის მიუხედავად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ფინანსური შესაძლებლობები გაუარესებულია
გამოკითხულთა 45% ამბობს, რომ ფული ჰყოფნის საკვებსა და ტანსაცმელზე, მაგრამ ვერ ყიდულობს ძვირად ღირებულ საყოფაცხოვრებო ნივთებს.