ევრო-5-ის დიზელის შემდეგ, აზერბაიჯანი ევრო-5-ის სტანდარტის საავტომობილო ბენზინის წარმოებას იწყებს. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ბენზინის წარმოება უკვე მიმდინარე თვეში დაიწყება.
SOCAR-ის ინფორმაციით, „ქარხანამ ევრო 5-ის სტანდარტებით დიზელის საწვავის წარმოება 2023 წლის მაისში დაიწყო, ხოლო 2024 წლის ივნისში ევრო 5-ის სტანდარტების მიხედვით საავტომობილო ბენზინის წარმოებას იწყებს.”
აზერბაიჯანი ნავთობპროდუქტების იმპორტიორია საქართველოშიც, თუმცა მისი წილი მთლიან იმპორტში არც ისე დიდია. მაგალითად, 2023 წლის იანვარ-აპრილში აზერბაიჯანიდან შემოვიდა $7.219 მლნ-ს 7 922 ტონა ნავთობპროდუქტები, რაც მთლიანი იმპორტის მხოლოდ 2.2%-ს შეადგენდა. 2024 წლის ოთხ თვეში აზერბაიჯანული საწვავის იმპორტი 4.5-ჯერ გაიზარდა და $32.918 მლნ შეადგინა, მოცულობით 39 845 ტონა. იმპორტის ზრდის შესაბამისად, გაიზარდა აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების წილი მთლიან იმპორტში და 7.8% შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, წელს ქვეყანამ $422.642 მლნ-ს ღირებულების 494.176 ტონა საწვავი იყიდა, 2023 წლის ანანლოგიურ პერიოდში კი $318.197 მლნ-ს 405.228 ტონა.
რაც შეეხება ფასს, როგორც არსებული მონაცემებიდან ჩანს, წელს საქართველოს ერთი ლიტრი ნავთობპროდუქტების იმპორტი აზერბაიჯანიდან საშუალოდ 82-83 ცენტი დაუჯდა.