ავტომობილებით მოვაჭრეები, რომლებსაც რუსთავში მდებარე ავტოსადგომით უწევთ სარგებლობა, მიიჩნევენ, რომ რუსთავის ავტობაზრობის ადმინისტრაცია დომინანტურ მდგომარეობას ბოროტად იყენებს და ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, არასამართლიანად მაღალი ფასს აწესებს.
200-მდე ავტოიმპორტიორმა საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს საკითხის შესწავლის თხოვნით მიმართა.
ამასთანავე, ავტომობილით მოვაჭრეები გადასახადის შემცირებას ითხოვენ.
მათი თქმით, პროტესტის მიზეზი ავტობაზრობის ადმინისტრაციის მიერ გადასახადის მომატება გახდა – ავტოსადგომით სარგებლობის საფასური ერთ ერთეულ ავტომობილზე 7 ლარიდან 10 ლარამდე გაიზარდა.
პარალელურად, საბაჟო ტერმინალში გადასახადი 15 ლარიდან 10 ლარამდე შემცირდა, თუმცა, ავტოდილერები გაზრდილ საგადასახადო ტვირთზე საუბრობენ. მათივე თქმით, თანხის გასტუმრება ჭირს შემცირებული გაყიდვებისა და გასაყიდად დაგროვილი ავტომობილების პირობებში.
რუსთავის ავტობაზრობა ყველაზე დიდია ქვეყანაში არსებულ მსგავს სივრცეებს შორის. ბაზრობის ვებსაიტზე მითითებული ინფორმაციით, ავტობაზრობის სადგომზე 5000 ავტომობილი ეტევა, ხოლო საბაჟო კონტროლის ზონაში – 2000 ავტომობილი.
კონკურენციის სააგენტომ მოკვლევის შედეგად უნდა დაადგინოს, აქვს თუ არა მას დომინანტის პოზიცია, ანუ უკავია თუ არა ბაზრის 40% ან მეტი.
კომპანიას, დომინანტური მდგომარეობის დადგენის შემთხვევაში, კონკურენციის სააგენტო მთლიანი ბრუნვის 5%-ს დააკისრებს.