საცალო ვაჭრობის სექტორი ხარჯების ზრდაზე საუბრობს, რამაც მათი შემოსავლების შემცირება გამოიწვია.
მსხვილი სუპერმარკეტების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ გაზრდილი ფინანსური ხარჯების გამო რითეილ სექტორი მოგების მინიმალურ მარჟაზე მუშაობს.
საცალო ვაჭრობის ბიზნესი ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ადმინისტრაციული ბარიერების სიმრავლეს მიიჩნევს.
ბიზნესისთვის მთავარ ხელშემშლელ პრობლემად ჭარბ რეგულირებას ასახელებს აგროჰაბის გენერალური დირექტორი ლაშა გოცირიძე. მისი თქმით, ცალკე მთავრობამ და ცალკე დედაქალაქის მერიამ
რითეილ სექტორს უამრავი რეგულაცია დაუწესა, რომელმაც ბიზნესს დამატებითი ბარიერები შეუქმნა. მათ შორის, ბევრი არასაჭირო მოთხოვნაა. არის მოთხოვნები, რომლებიც გაგრილების სისტემების მუშაობის რეჟიმს, აუდიტორულ შემოწმებას, მაღაზიებთან მანიშნებლების განთავსებას და სხვა ბევრ მეორეხარისხოვან საკითხს უკავშირდება.
აგროჰაბის ხელმძღვანელის თქმით, დამატებითი რეგულაციები მოქმედებს ფასების ზრდაზე ამ სექტორში, რაზეც შემდეგ მომხმარებელი უკმაყოფილებას გამოთქვამს.
PMCG-ის საცალო ვაჭრობის სექტორის კვლევამაც აჩვენა, რომ საცალო ვაჭრობის სექტორისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას მაღალი საოპერაციო ხარჯები წარმოადგენს, რაც ახალი რეგულაციებისა და ადმინისტრაციული ბარიერების შედეგია.
აღნიშნულ ხელშემშლელ ფაქტორთან ერთად, რითეილ სექტორი მნიშვნელოვან პრობლემად ასახელებს სამუშაო ძალის დეფიციტს, ინფრასტრუქტურულ და ლოგისტიკურ შეფერხებებს.
ბიზნესისთვის ასევე მწვავე პრობლემაა ფულზე ხელმისაწვდომობა და სესხებზე მაღალი პროცენტები.
გუდვილის გენერალური დირექტორის – გიორგი ხაბაშვილის თქმით, ბიზნესსესხებზე განაკვეთი 11-12%-მდე არის გაზრდილი, რაც ბიზნესისთვის დიდ ფინანსურ ტვირთს წარმოადგენს. ამ პრობლემას ემატება სავალუტო რისკებიც.
გიორგი ხაბაშვილი ამბობს, რომ რითეილ კომპანიების ფინანსურ ხარჯს ზრდის საბარათე ტრანზაქციების საკომისიო, რაც საშუალო ბრუნვის 1%-ს შეადგენს. ეს, მისი თქმით, ძალიან მაღალია.
საცალო ვაჭრობის სექტორზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცვლილებები უძრავი ქონების ბაზარზე. უძრავი ქონების ფასების ზრდამ რითეილს გაუძვირა იჯარა და შესყიდვის ფასი, რაც ასევე, აისახება სარეალიზაციო პროდუქციის ღირებულებაზე.
რითეილერების თქმით, ამ რისკ-ფაქტორების გავლენით, მათ პროდუქციაზე მაღალი მარჟის დადგენა უწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაკოტრდებიან, რადგან ბაზარზე მაღალი კონკურენციაა.