ევროპარლამენტში დღეს, 25 აპრილს კენჭი უნდა უყარონ „აგენტების კანონის“ შესახებ რეზოლუციის ტექსტს და მასში შეტანილ ორ შესწორებას, რომელიც სავიზო რეჟიმს და ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას უკავშირდება.
ევროპარლამენტში რეზოლუციის შესწორების ორი ვერსია იყო წარდგენილი.
შესწორებების ვერსიები მოამზადეს პოლიტიკურმა ჯგუფმა „განაახლე“ (წარმოადგენს ევროპარლამენტარი ურმას პაეტი), „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ (წარმოადგენს ანა ფოტიგა).
სამუშაო ვერსიების შეჯამების შედეგად საერთო რეზოლუციის პროექტის ტექსტი ასეთია:
- ევროპარლამენტი გმობს „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახლა ინიციირებას; ხაზს უსვამს, რომ ის შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ამბიციებს ევროკავშირში გაწევრებაზე, აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას და საფრთხეში აგდებს მის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას;
- სანამ ასეთი კანონი ძალაში იქნება, არ უნდა გაიხსნას გაწევრების მოლაპარაკებები;
- მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს კანონპროექტი და აღარ წარადგინოს არც ის და არც რაიმე სხვა ცვლილება, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება;
- კანონპროექტი ღალატობს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებს;
- ევროპარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას მოქალაქეთა უფლებები და შეშფოთებას გამოხატავს საპოლიციო ძალის არაპროპორციულად გამოყენების გამო დემონსტრანტების დაშლისას; მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიძიოს ყველა ასეთი საქმე და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ;
- გმობს „ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლება შთაგონებულია რუსეთის მსგავსი, ძალიან პრობლემური კანონმდებლობით, რუსეთის უცხოეთის აგენტების კანონით“
- იხსენებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმ დათქმით, რომ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირებისათვის და ევროკავშირსა და მის ღირებულებებზე დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად;
- ევროკომისიას მოუწოდებს, შეაფასოს საქართველოს პროგრესი 9 რეკომენდაციის შესრულების გზაზე – მოამზადოს შუალედური შეფასება;
- ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შეაფასონ რა გავლენა ექნება მათ, როგორც დონორის, როლზე კანონის მიღებას და ცხადად აუხსნან შედეგები საქართველოს ხელისუფლებას;
- მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას;
- კვლავ უცხადებს ურყევ მხარდაჭერას ქართველ ხალხს „ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების მისაღწევად“.
- ეუთო/ODIHR-ს მოუწოდებს, საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოში გაგზავნოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია.
23 აპრილს ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. „აგენტების კანონზე“. ევროპარლამენტარების ნაწილმა მოითხოვა:
სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილსა და კანონის მხარდამჭერ პარლამენტარებისთვის, ასევე, პოლიციის მაღალჩინოსნებისთვის;
გადაიხედოს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია,
შეუწყდეს ქვეყანას ევროკავშირისგან ფინანსური დახმარება.