ყაზახეთის ციფრული განვითარების სამინისტრომ Yandex-ის ვებგვერდის მუშაობა შეაჩერა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია რუსული FSB-თვის ტაქსის მომხმარებლების მონაცემების გადაცემის შესახებ.
9 აგვისტოს Yandex.kz-ის ვებგვერდი ყაზახეთში ინტერნეტის მომხმარებლების უმეტესობისთვის დაიბლოკა.
სამინისტრომ განმარტა, რომ „დომენის www.yandex.kz მუშაობა შეჩერებულია ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გარეთ ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის კომპლექსებზე ინტერნეტ რესურსის განთავსების გამო“.
ყაზახეთის ციფრული განვითარების სამინისტროს ცნობით, მან შპს Yandex-ს მოსთხოვა დეტალური ინფორმაციის მიწოდება, კომპანიის მიერ გამოყენებული მონაცემთა დამუშავების ცენტრების მდებარეობისა და ყაზახეთის მოქალაქეების პერსონალური მონაცემების დაცვის ზომების შესახებ.
ასევე, მოითხოვა ინფორმაცია, რა ფორმით თანამშრომლობს Yandex სამართალდამცავებთან და სპეციალურ სამსახურებთან.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული ეფესბე(FSB) მიიღებს წვდომას Yandex.Taxi-ის სერვისის მონაცემებზე, მათ შორის, მომხმარებელთა პერსონალურ ინფორმაციაზე.
Yandex ირწმუნება, რომ რუსეთის კანონმდებლობა არ ვრცელდება იმ მომხმარებლებზე, რომლებიც აპლიკაციას რუსეთის ფარგლებს გარეთ იყენებენ.
ცნობისთვის, 1-ელი სექტემბრიდან FSB ამ მონაცემებზე წვდომას შეძლებს. ივლისში რუსეთის მთავრობამ მიიღო კანონი,ტაქსის მუშაობის რეგულირების შესახებ, რომელიც უფლებას აძლევს წვდომა ჰქონდეს მათ მონაცემთა ბაზებზე.