ნიდერლანდებში რეგისტრირებულმა Yandex NV-მა თავისი რუსული ბიზნესის გაყიდვა დაასრულა ამის შესახებ Bloomberg წერს.
„ეს ნიშნავს კომპანიის ცხოვრების ხანგრძლივი და რთული პერიოდის დასასრულს. რუსეთთან ახლა ყველა კავშირი გაწყვეტილია“, – განაცხადა YNV-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ბოინტონმა.
კომპანიას შეეცვლება სახელი და ის Nebius Group გახდება. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას დაიკავებს Yandex-ის თანადამფუძნებელი არკადი ვოლოჟი, რომელმაც რუსეთის წამყვანი საძიებო სისტემა ახლახან გაყიდა.
უახლოეს დღეებში კომპანია აპირებს გამოაქვეყნოს ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომელსაც ამიერიდან Nebius Group-ის სახელით განახორციელებს.
ცნობისთვის, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ინტერნეტ გიგანტის Yandex-ის თანადამფუძნებლის, არკადი ვოლოჟის სანქციების სიიდან ამოღებაზე შეთანხმდნენ.
ბიზნესის რუსული ნაწილი, რომელიც გამოიმუშავებდა Yandex-ის შემოსავლების 95%-ს, რუსი ბიზნესმენების და კომპანიის მენეჯერების კონსორციუმის ხელში აღმოჩნდა. ამის შემდეგ ის კრემლის მხრიდან უფრო დიდი კონტროლის ქვეშ მოექცა.