ჩინურმა სმარტფონების კომპანიამ Xiaomi-მა ხუთშაბათს ახალი ელექტრომობილი SU7 EV წარადგინა, Tesla-ს Model 3-ზე ბევრად დაბალ ფასად.
სტანდარტული SU7 EV-ის ფასი $30 000-მდე იქნება, ხოლო Pro და Max მოდელები ეღირება $34 000 და $40 000.
ელექტრომობილი შთაგონებულია Porsche-ით. Xiaomi იმასაც ამბობს, რომ SU7-ს უკეთესი შესაძლებლობები გააჩნია Taycan-ს და Panamera-ს მოდელებთან შედარებით,
ჩინურმა კომპანიამ განაცხადა, რომ SU7 EV-ს ერთი დამუხტვით 700 კმ-ზე მეტის გავლა შეუძლია, მაშინ, როცა Tesla Model 3 567 კმ-ს გადის.
კომპანიამ განაცხადა, რომ წარდგენიდან პირველ 27 წუთში 50,000 შეკვეთა მიიღო
Standard და Max მოდელების გაყიდვა აპრილის ბოლოს დაიწყება, Pro მოდელები კი ბაზარზე მაისის ბოლოს გამოჩნდება.
ექსპერტები არ არის დარწმუნებული, რომ Xiaomi ახალ სფეროში წარმატებას მიაღწევს. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ სმარტფონების წარმოების გამოცდილება მას უპირატესობას ანიჭებს ტრადიციულ ავტომწარმოებლებთან შედარებით.
SU7 იყენებს Hyper OS-ს, როგორც ოპერაციულ სისტემას, რომელიც ელექტრომობილების მომხმარებლებს მის სხვა გაჯეტებთან აკავშირებს.
ევროკომისია ელექტრომობილების ჩინურ წარმოებას იძიებს
ჩინეთის მთავრობამ მილიარდობით სუბსიდია მისცა ჩინელ ავტომწარმოებლებს და ამით დაეხმარა მათ უცხოელი კონკურენტებზე უპირატესობის მოპოვებაში.
ევროკომისია ახლა იძიებს, უსამართლოდ მიიღო თუ არა ჩინეთის ელექტრომობილების სექტორმა სუბსიდიები.
ევროკომისია ასევე სწავლობს რა გავლენას მოახდენს ექსპორტზე ტარიფების დაწესება, რომელიც მიზნად ისახავს ევროპელი ავტომწარმოებლების დაცვას. გამოძიების დასრულება ნოემბრისთვის არის ნავარაუდევი.
ევროკომისიის პროგნოზით, ჩინურმა ელექტრომობილებმა 2025 წლისთვის ევროპაში გაყიდვების 15%-ზე მეტი შეიძლება დაიკავოს, რასაც ევროპულ მოდელებთან შედარებით მისი დაბალი ფასი განაპირობებს.
პეკინმა უარყო ბრალდებები, რომ მისი ელექტრომობილების ინდუსტრია სუბსიდიებმა გაზარდა და ევროკავშირის გამოძიებას “პროტექციონისტული” უწოდა.
ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ფასების შემცირებას ხელი შეუწყო ჩინეთის კონტროლმა ბატარეების მიწოდების ჯაჭვზე, ინოვაციებმა და მაღალმა კონკურენციამ შიდა ბაზარზე.