Fidelity Mutual Fund-ის თანახმად, სოციალური მედიის პლატფორმა X-მა თავისი ღირებულების 71% დაკარგა მას შემდეგ, რაც ის ილონ მასკმა იყიდა.
Fidelity, რომელიც X Holdings-ის წილს ფლობს, აცხადებს, რომ მასკის ხელში აქციები მკვეთრად გაუფასურდა.
X-ის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა მას შემდეგ, რაც არაერთმა მსხვილმა კომპანიამ პლატფორმაზე რეკლამის განთავსება შეწყვიტა. მათი პროტესტის მიზეზი მასკის მიერ ანტისემიტური შეთქმულების შესახებ გაკეთებული განცხადება იყო. მასკმა ბოიკოტს იმით უპასუხა, რომ კომპანიებს ურჩია, „ჯოჯოხეთში წასულიყვნენ“.
მასკმა Twitter 2022 წლის ოქტომბერში $44 მილიარდად შეიძინა და 2023 წლის ივლისში X დაარქვა.
X-ის ყოველთვიური მომხმარებლების რიცხვი 15%-ით დაეცა პლატფორმაზე სიძულვილის ენის გაზრდის ფონზე.
მასკის მისვლის შემდეგ, X-მა თანამშრომლები მინიმუმ 50%-ით შეამცირა. სექტემბერში ევროკავშირმა მასკი გააფრთხილა, X-ზე დეზინფორმაციული პოსტების მაღალი მაჩვენებლის გამო.
Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, მასკი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია, მისი ქონება $251 მილიარდს შეადგენს.
მასკმა სოციალურ პლატფორმაზე წვდომა აღუდგინა დონალდ ტრამპს, რომელსაც ეს უფლება შეზღუდული ჰქონდა.
Fidelity-ის შეფასებით, ამჟამად X დაახლოებით $12,5 მილიარდი ღირს.