Wizz Air ზედიზედ მესამე წელია, ბრიტანეთში ყველაზე ცუდ ავიაკომპანიად დაასახელეს, ფრენების დაგვიანების გამო.
ეს შედეგი ბიუჯეტური ავიაკომპანიის მგზავრებისთვის მოულოდნელი არ იქნება, რომლებიც ფრენების გადადებას და ხანგრძლივ შეფერხებებს ხშირად უჩივიან. მგზავრები ასევე მიუთითებენ ავიაკომპანიის მიერ მომსახურების ხარისხის გაუარესებაზე.
მონაცემები PA საინფორმაციო სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის სამსახურის (CAA) მონაცემების ანალიზის საფუძველზე გამოაქვეყნა. მისი მონიტორინგის არეალში მოექცნენ ავიაკომპანიები, რომლებიც ბრიტანეთის აეროპორტებიდან წლიურად 2500-ზე მეტ რეისს ახორციელებენ. გაუქმებული ფრენები მონაცემებში არ შესულა.
ინფორმაციის თანახმად, 2023 წელს, გაერთიანებული სამეფოს აეროპორტებიდან Wizz Air-ის გაფრენა გრაფიკს საშუალოდ 31 წუთით და 36 წამით ჩამორჩებოდა.
პუნქტუალურობის თვალსაზრისით მეორე ყველაზე ცუდი შედეგი თურქეთის ავიახაზებმა(Turkish Airlines) აჩვენა. თურქულ კომპანიამ საშუალოდ 28 წუთი და 36 წამი დააგვიანა.
Air India 2023 წელს 28 წუთით და 12 წამით აგვიანებდა.
თურქულ ბიუჯეტურ ავიაკომპანია Pegasus Airlines-ს 25 წუთის და 6 წამის დაგვიანება დაუფიქსირდა.
ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანია ირლანდიური Emerald Airlines იყო. მისი საშუალო დაგვიანება მხოლოდ 13 წუთი და ექვსი წამი იყო, ხოლო Virgin Atlantic მეორე ადგილზეა- 13 წუთი და 42 წამით.
Wizz Air-მა განაცხადა, რომ მას რეისების დაგვიანების თვალსაზრისით “მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აქვს”, მაგრამ აღიარა, რომ “ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო”.
ნაკლოვანებების მიუხედავად, Wizz-ს მოგება ეზრდება, რასაც ძირითადად, ტარიფების მატება განაპირობებს.
2024 წლის 1 აპრილის მონაცემებით, უნგრული ავიაკომპანიის მგზავრების წლიურმა რაოდენობამ 62 მილიონს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით მეტია.
იმავე პერიოდში ბილეთების გაყიდვიდან შემოსავალი წლიურად 11.2%-ით გაიზარდა.
ზოგადად ავიაკომპანიებმა ბილეთები გააძვირეს, საწვავის მაღალი ხარჯებისა და „მწვანე” გადასახადების გამო.