ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოში ფიზიკური აქტივობის დონე დაბალია და აუცილებელია მისი გაუმჯობესება. ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ზრდასრულთა დაახლოებით 17% ფიზიკური აქტივობის დონეს ვერ აკმაყოფილებს. ხოლო ბავშვებსა და მოზარდებში ეს მაჩვენებელი კი კიდევ უფრო დაბალია. ორგანიზაცია აუცილებლად მიიჩნევს სიტუაციის გამოსწორებას, რათა მოხდეს მოსახლეობის დაცვა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს, დიაბეტის და ქრონიკული რესპირატორული დაავადებებისგან.
WHO-ს მონაცემებით, ევროპის რეგიონში სიკვდილიანობის 90% გამოწვეულია არაგადამდები დაავადებებით. გარდა ამისა, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა ზრდის ჭარბი წონისა და სიმსუქნის განვითარების რისკს. ამიტომ ფიზიკური აქტივობის ზრდა ყველა სოციალური ჯგუფისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
ამჟამად, WHO მუშაობს ქვეყანაში ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის ეროვნულ სტრატეგიაზე. დოკუმენტში წერია, რომ ფიზიკური აქტივობის დონის ამაღლების მიზნით, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს:
- სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის სავარჯიშო საშუალებების ხელმისაწვდომობის ზრდა;
- ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა სკოლებში: სავალდებულო გაკვეთილების ორგანიზება და სხვადასხვა სკოლისშემდგომი ღონისძიებები;
- ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ურბანული დიზაინის გამოყენება რეკრეაციული ფიზიკური აქტივობისა და სპორტის ხელშეწყობისთვის;
- ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილზე;
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენის გარდა, ფიზიკური აქტივობა სხვა სარგებელსაც მოიტანს, კერძოდ, გამოიწვევს წიაღისეული საწვავის მოხმარების შემცირების, სუფთა ჰაერისა და უსაფრთხო გზების სახით. აგრეთვე, ზრდის პროდუქტიულობისა და აკადემიური მიღწევების დონეს, იწვევს სოციალურ ინტეგრაციას და სოციალური იზოლაციის შემცირებას. ამასთან, ხელს უწყობს ახალი ბიზნესების ჩამოყალიბებას, სამუშაო ადგილების შექმნას და ტურისტების მოზიდვას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.