რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა Wall Street Journal-ის კორესპონდენტს, ევან გერშკოვიჩს, ოფიციალურად წაუყენა ბრალი ჯაშუშობაში. ჟურნალისტი ბრალდებას უარყოფს.
უშიშროების სამსახურმა გერშკოვიჩი ურალის ქალაქ ეკატერინბურგში 30 მარტს დააკავა და მის წინააღმდეგ საქმე აღძრა ჯაშუშობისთვის. უშიშროების სამსახურის თქმით, ის სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის შესახებ აგროვებდა ინფორმაციას.
გერშკოვიჩი პირველი ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ცივი ომის დასრულების შემდეგ.
Wall Street Journal-მა უარყო, რომ გერშკოვიჩი ჯაშუშობდა და მოითხოვა მისი „სანდო და თავდადებული რეპორტიორის” დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეერთებულ შტატებს განუცხადა, რომ გერშკოვიჩი საიდუმლოების მოპოვების მცდელობისას დაიჭირეს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოსკოვს გერშკოვიჩის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
რუსეთის პრეზიდენტს ამ საქმეზე საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
გერშკოვიჩი საბჭოთა ემიგრანტების ოჯახში დაიბადა და ნიუ ჯერსიში ცხოვრობდა. ის თავისუფლად საუბრობს რუსულად. მოსკოვში 2017 წლის ბოლოს გადავიდა ინგლისურენოვან Moscow Times-ში სამუშაოდ. შემდეგ კი მუშაობდა სააგენტო France-Presse-ში (AFP).