“Volkswagen Group-ში კრიტიკული სიტუაციაა და მისი გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო”,- ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ ბლუმი, Bild-თან ინტერვიუში.
ბლუმის კომენტარები მოჰყვა კომპანიის განცხადებას, გერმანიაში მინიმუმ ორი ქარხნის შესაძლო დახურვის შესახებ, რაც პირველად მოხდება კომპანიის თითქმის 90-წლიან ისტორიაში.
კვირას გაზეთთან ინტერვიუში ბლუმმა თქვა, რომ დაგეგმილია სამუშაო ადგილების შემცირებაც და განაცხადა, რომ არსებული ეკონომიკური პირობები “ისე სერიოზულია, რომ ჩვენ უბრალოდ ვერ გავაგრძელებთ ისე, როგორც აქამდე ვიყავით”. მისი თქმით, გერმანიაში Volkswagen-ში 120,000-მდე ადამიანია დასაქმებული.
ავტომწარმოებლის საოპერაციო მოგება 2024 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით შემცირდა, მეორე კვარტალში კი კიდევ 2.4%-ით დაიკლო.
სამუშაო ადგილების შემცირებით ავტომწარმოებელი 4 მილიარდ ევროს (4,25 მილიარდი დოლარი) დაზოგავს.
რადიკალური ცვლილებების მიზეზი გაყიდვების შემცირება გახდა.
ბლუმმა ევროპის ავტოინდუსტრიის წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები მიაწერა პანდემიის გავლენას და ბაზარზე აზიელი კონკურენტების გაძლიერებას.
“ტორტი სულ უფრო პატარავდება და ჩვენ უფრო მეტი სტუმარი გვყავს მაგიდასთან“, – თქვა ჯგუფის ხელმძღვანელმა, რომელიც ფლობს შემდეგ ბრენდებს Audi, Bentley, Lamborghini, SEAT, Skoda, Porsche,
ბოლო კვლევის თანახმად, ევროკავშირში ჩინური ელექტრომობილების იმპორტი გაიზარდა $11,5 მილიარდამდე 2023 წელს( 2020 წელს მხოლოდ $1,6 მილიარდი იყო) და ელექტრომობილების მთლიანი იმპორტის 37%-ს შეადგენს.
ცნობისთვის, ივლისში გერმანიის სამრეწველო წარმოების მოსალოდნელზე უფრო მნიშვნელოვანი ვარდნა, ძირითადად საავტომობილო სექტორმა განაპირობა.
ამ შენელებამ გაზარდა რისკი, რომ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა მესამე კვარტალში შესაძლოა, კვლავ შემცირდეს რაც პოტენციურად გამოიწვევს კიდევ ერთ რეცესიას.