Twitter დაემუქრა Meta-ს, რომ ინტელექტუალური საკუთრების ქურდობისთვის უჩივლებს.
Twitter ჩივილს Meta-ს მიერ ახალი პლატფორმის – Threads-ის ამოქმედების გამო აპირებს.
ამის შესახებ ინფორმაცია პირველმა გამოცემა Semafor-მა გაავრცელა.
Twitter კონკურენტს ადანაშაულებს „Twitter-ის სავაჭრო საიდუმლოების და სხვა ინტელექტუალური საკუთრების სისტემატურ, განზრახ მითვისებაში“, აგრეთვე, კომპანიის ყოფილი თანამშრომლების დაქირავებაში, რომლებსაც „ჰქონდათ და აქვთ წვდომა“ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე.
ილონ მასკის კომპანია მიუთითებს, რომ სავარაუდოდ, სწორედ ამ თანამშრომლებს ჰქონდათ დავალებული Threads აპლიკაციის შექმნა.
Twitter მოითხოვს Meta-სგან, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს Twitter-ის ნებისმიერი ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება. თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, სამართლებრივ ზომებს მიიღებს.
ამ ფაქტს Twitter-ის მფლობელი ილონ მასკი გამოეხმაურა და თავის გვერდზე დაწერა: „კონკურენცია კარგია, თაღლითები – არა”.
Meta-მ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ Threads-ის შექმნაში ჩართული არც ერთი დეველოპერი ადრე არ მუშაობდა Twitter-ზე.
Threads 6 ივლისიდან ამოქმედდა. Meta-ს თანადამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ პირველ დღეს პლატფორმაზე 30 მილიონი მომხმარებელი დარეგისტრირდა.