სტივენ მნუჩინი, რომელიც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს დონალდ ტრამპის დროს ხელმძღვანელობდა, ინვესტორთა ჯგუფს ქმნის, რათა TikTok მისი მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance-გან შეიძინოს. ამის შესახებ CNBC წერს.
გადაწყვეტილება მან წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტის მიღების შემდეგ მიიღო, რომელიც ByteDance-ს ექვსი თვის ვადას აძლევს TikTok-ის გასაყიდად. წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკაცია აშშ-ში აიკრძალება.
კანონპროექტი ახლა უკვე აშშ-ის სენატში გადადის განსახილველად. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ხელს მოაწერს კანონს, თუ ის მის სამუშაო მაგიდამდე მიაღწევს.
”ეს შესანიშნავი ბიზნესია და მე ვაპირებ ჯგუფის შექმნას TikTok-ის შესაძენად,” -ამბობს სტივენ მნუჩინი.
მისივე თქმით, აპს, რომელსაც 170 მილიონი ამერიკელი იყენებს, ჩინეთის მთავრობას აძლევს შეუზღუდავ წვდომას მათ პირად ინფორმაციაზე და შესაბამისად, გავლენას შეერთებულ შტატებზე.
მნუჩინმა არ დააკონკრეტა ვინ იქნებიან შესაძლო ინვესტორები და არც სოციალური ქსელის პოტენციური ღირებულება მიუთითა.
როგორც ჩანს, TikTok-ის ყიდვით სხვებიც არიან დაინტერესებული. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, სოციალური ქსელის ყიდვას Activision Blizzard-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ბობი კოტიკი პოტენციურ პარტნიორებთან განიხილავს.
თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, მისცემს თუ არა ჩინეთის მთავრობა ByteDance-ს ნებას, მიყიდოს TikTok ამერიკელებს.