უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ Tiffany-მ და Cartier-მ განაცხადეს, რომ შეწყვიტეს რუსული ბრილიანტების გამოყენება. მაგრამ გაირკვა, რომ ისინი რუსული ბრილიანტების შესყიდვას შუამავლების მეშვეობით აგრძელებენ. ამ მიზნით პირველ რიგში დუბაიში რეგისტრირებული კომპანიები გამოიყენება.
აღნიშნული ფაქტების გამოძიება Kyiv Indipendent-მა ჩაატარა. გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან წლინახევრის შემდეგ საექსპორტო მონაცემები აჩვენებს, რომ ალმასის მწარმოებელი უდიდესი რუსული კომპანია Alrosa, რომელიც ნაწილობრივ სახელმწიფოს ეკუთვნის, ძვირფასი ქვების გაყიდვით დიდ მოგებას იღებს და მოგების ნაწილს, სავარაუდოდ, რუსული სამხედროების დასაფინანსებლად რიცხავს.
რა გზას გადიან რუსული ბრილიანტები?
მოპოვებული ალმასი გრძელ გზას გადის, სანამ ის ბეჭედზე ან სამაჯურზე მოხვდება. ის ამ მარშრუტზე ბევრ ხელში გაივლის, რაც მისი წარმომავლობის გარკვევას თითქმის შეუძლებელს ხდის.
დუბაის ბევრი ბრილიანტების „სამრეცხაოს” უწოდებს, სადაც კომპანიებს რუსული ქვები „შერეული წარმოშობის” ამანათებით შეაქვთ.
დაუმუშავებელ ქვას უმეტესად ინდოეთის ქარხნებში აპრიალებენ, რის შემდეგაც იგი აღარ ითვლება რუსულად (მსოფლიოში არსებული უხეში ალმასის 90% ინდოეთშია გაპრიალებული).
ბრილიანტის ექსპორტი რუსეთიდან
იმის მიუხედავად, რომ აშშ-მა, რომელსაც ალმასის გლობალური ბაზრის 55% უკავია და დანარჩენ მსოფლიოზე მეტი იმპორტი აქვს, 2022 წლის მარტში შეზღუდვები შემოიღო რუსული ბრილიანტების იმპორტზე და Alrosa-ს სანქციები დაუწესა. ამის მიუხედავად, კომპანიის შემოსავლები შემცირების ნაცვლად, გაიზარდა. კომპანიამ გაყიდვები ბელგიიდან დუბაიში გადაიტანა.
რუსული ალმასის ექსპორტი 2022 წლის ბოლოს შემცირდა, მაგრამ სწრაფადვე აღდგა, რადგან რუსეთმა ძვირფასი ქვების ექსპორტის ახალი გზები იპოვა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსული ალმასის 37% პირდაპირ დუბაიში გავიდა. ეს თითქმის 3-ჯერ მეტია, ვიდრე წინა წლებში.
Cartier-ის და Tiffany-ის სანდო მომწოდებლებს არ აქვთ საკმარისი მარაგი, რათა ძვირად ღირებული ბრენდების მოთხოვნა დააკმაყოფილონ. ამიტომ მიმწოდებლები, რომლებიც ბრილიანტებს ძვირად ღირებულ ბრენდებზე ყიდიან, „შერეული წარმოშობის” თვლებს ყიდულობენ. ბრენდებმა ეს იციან, მაგრამ თვალს ხუჭავენ.
Cartier-ის მიერ შეძენილი ბრილიანტების თანმხლებ დოკუმენტებში წერია, რომ: „გამყიდველი იძლევა გარანტიას, რომ ეს ბრილიანტები არ არის მოჭრილი რუსეთის უხეში ბრილიანტებიდან“. სხვა მსხვილი ფუფუნების ბრენდებიც მსგავს მითითებას იყენებენ. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს სიმართლე არ არის.
Tiffany ბრალდებებს უარყოფს, ხოლო Cartier-მ გამოცემას კომენტარზე უარი უთხრა.