საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აქვეყნებს კვლევას, რომელიც ბათუმთან, რუსეთის მოქალაქეების მიერ საცხოვრებელი უბნის მშენებლობას ეხება.
ორგანიზაციამ შეისწავლა დოკუმენტები, რომელიც მშენებლობას უკავშირდება.
აღმოჩნდა, რომ ბათუმთან ახლოს, სოფელ სალიბაურის მაღლობზე, რომელიც პორტს გადაჰყურებს, 16,000 კვ.მ. ფართობზე რუსეთის მოქალაქეები საცხოვრებელი უბნის – Salibauri Hills-ის მშენებლობას გეგმავენ.
პროექტთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებები მიანიშნებს, რომ, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს მოქალაქეების გავლით შესწირეს თანხა მმართველ პარტიას, რის შემდეგაც მალევე მიიღეს მშენებლობისთვის საჭირო ნებართვა.
საუბარია კომპანია ეიჩ გრუპ დეველოპმენტზე, რომლის 90%-ს რუსეთის მოქალაქეები – მარეტა დოლგიევა და მაგომედ ჩაბიევი ფლობენ.
2022 წლის 25 ნოემბერს, კომპანიასთან დაკავშირებულმა საქართველოს ორმა მოქალაქემ – დირექტორმა მარინა დეხტიარევმა და ჩაბიევის ბიზნესპარტნიორმა ჯონი ჯინჭარაძემ – მმართველ პარტიას ჯამში 40 000 ლარი შესწირეს. ორ კვირაში, 12 დეკემბერს, ხელვაჩაურის საკრებულომ მათი პროექტისთვის განაშენიანების დეტალური გეგმა (გდგ) ერთხმად დაამტკიცა.
შემოწირულებისა და ნებართვის გაცემის თარიღებს შორის სიახლოვე აღძრავს ეჭვს, რომ შემოწირულების მიზანი შესაძლოა, მშენებლობის ნებართვის მოპოვება ყოფილიყო. ხოლო, ის ფაქტი, რომ შემოწირულობა სამშენებლო პროექტთან დაკავშირებულმა საქართველოს მოქალაქეებმა გაიღეს, აღძრავს ეჭვს, რომ ეს თანხა შესაძლოა, არა მათ, არამედ მშენებელი კომპანიის მფლობელ რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნოდათ.
საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკრძალება პოლიტიკური შემოწირულება. კომპანიის რუსი მფლობელები ვერ შეძლებდნენ მმართველი პარტიისთვის თანხის პირდაპირ შეწირვას, ამიტომ სავარაუდოა, რომ საჭირო ნებართვის მისაღებად მათ კომპანიასთან დაკავშირებული საქართველოს მოქალაქეები გამოიყენეს.
მაგომედ ჩაბიევს სხვა პრობლემური პროექტებიც აქვს: მისი ბიზნესპროექტები საქართველოში დაკავშირებულია ენვერ ცეცხლაძესთან, რომელიც ასლან აბაშიძის უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძის, დისშვილია. ჩაბიევთან და ცეცხლაძესთან დაკავშირებული კომპანიებია შპს ეიჩ გრუპ მენეჯმენტ, შპს გორკის პარკი, შპს ეიჩ გრუპ კონსტრაქშენ.
ჩაბიევი და ცეცხლაძე ბათუმში ერთად აშენებენ 40-სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს – 7th Heaven Residence-ს, რომლის გაყიდვების დირექტორიც ასევე ზემოხსენებული მარინა დეხტიარევია.
ნეტგაზეთისა და ბათუმელების გამოძიების მიხედვით, მიწა, რომელზეც 7th Heaven Residence-ის პროექტი ხორციელდება, ენვერ ცეცხლაძემ 2016 წელს საეჭვო გზებით დაიბრუნა და მშენებლობის პროცესში მოპოვებულმა ნებართვებმა კითხვის ნიშნები გააჩინა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, მისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს ეს საკითხი და დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში იმოქმედოს კანონის შესაბამისად.