Tesla-ს გასაყიდად ელექტროპიკაპი Cybertruck გამოაქვს.
ელექტრომობილის ღირებულება $60 990-დან იწყება. ეს დაპირებულზე ბევრად გაზრდილი ფასია.
2019 წელს, როდესაც Cybertruck პირველად აჩვენეს, ვარაუდობდნენ, რომ პიკაპი დაახლოებით $40 000 დაჯდებოდა. მაგრამ ჯერ პანდემიის, ხოლო შემდეგ მაღალი ინფლაციის გავლენით, კომპანიამ დაპირება შეცვალა.
Cybertruck-ის გაყიდვების დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებაზე Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ახალი ელექტროპიკაპი თავისი ფუტურისტული დიზაინით არცერთ სხვა მანქანას არ ჰგავს და ის სრულიად შეცვლის გზებს. მაგრამ მასკს ავტომობილის სხვა „ღირსებებზე” არ უსაუბრია.
თავდაპირველად Cybertruck-ის წარმოების დაწყება 2021 წელს იგეგმებოდა, მაგრამ ვადამ ორი წლით გადაიწია.
Tesla ადრე აცხადებდა, რომ წინასწარი შეკვეთა 1 მილიონზე მეტ Cybertruck-ზე მიიღო.
ტეხასის ქარხნის სავარაუდო სიმძლავრე, სადაც Cybertruck აწყობენ, წელიწადში 250 ათასი ელექტროპიკაპია. თუმცა, ქარხანა ამ სიმძლავრეს 2025 წელს მიაღწევს.
Cybertruck არის Tesla-ს პირველი ავტომობილი ელექროპიკაპების ბაზარზე.
სანამ Tesla ემზადებოდა Cybertruck-ის გასაშვებად, ელექტროპიკაპები ბაზარზე სხვა კომპანიებმა, მათ შორის Ford-მა და General Motors-მა გამოიტანეს.