Tesla-ს ახალი ელექტრომობილის გამოშვება სურს, კოდური სახელწოდებით Redwood. ახალი მოდელი მასობრივ მომხმარებელზე იქნება გათვლილი.
წარმოება 2025 წლის შუა რიცხვებში უნდა დაიწყოს.
ახალი თაობის ავტომობილი Tesla-ს ორი ან მეტი მოდელის გაერთიანებით იქნება შექმნილი და კომპაქტური კროსოვერის ფორმა ექნება.
ელექტრომობილის საწყისი ფასი, სავარაუდოდ, 25,000$ იქნება და კონკურენციას გაუწევს უფრო იაფ, ბენზინზე მომუშავე მანქანებს და სხვა ელექტრომობილებს, როგორიცაა მაგალითად, ჩინეთის BYD-ის მოდელები.
BYD-მა 2023 წლის ბოლო კვარტალში გაუსწრო Tesla-ს და ელექტრომობილების უდიდესი მწარმოებელი გახდა.
Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა ჯერ კიდევ 2020 წელს თქვა, რომ აპირებდა $25000-იანი ავტომობილის გამოშვებას. შემდეგ მან ეს პროექტი შეაჩერა და ახლა მას ისევ დაუბრუნდა.
ამჟამად Tesla-ს ყველაზე იაფი შეთავაზება Model 3 სედანია, რომლის საწყისი ფასი აშშ-ში $38,990-ია.
მასკის თქმით, ახალი პროდუქტი დიზაინითა და წარმოების ხარისხით ყველა კონკურენტზე უკეთესი იქნებოდა.
სპეციალისტების შეფასებით, იაფი ელექტრომობილებიდან მოგების მიღება რთული იქნება ბატარეების დანახარჯების, ასევე ხარისხიანი იაფი მანქანების წარმოების სირთულის გათვალისწინებით.