ცნობილი ხდება, რომ კომპანია Tesla-ს თანამშრომლები გაყიდული ავტომობილების კამერების ჩანაწერებს წლების განმავლობაში ათვალიერებდნენ და ერთმანეთს ჩატში უზიარებდნენ.
ამის შესახებ კომპანიის ცხრა ყოფილი თანამშრომელი Reuters-თან ინტერვიუში მოჰყვა.
ისინი ჩანაწერებს 2019-2022 წლებში აზიარებდნენ და ზოგჯერ ეს ვიდეოები და ფოტოები ინტიმური ხასიათის იყო. ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა აღწერა ვიდეო, სადაც ჩანს Tesla-ს მომხმარებელი მამაკაცი, რომელიც სრულიად შიშველი უახლოვდება მანქანას.
ყოფილმა თანამშრომელმა თქვა, რომ კომპიუტერულ პროგრამას, რომელსაც ისინი იყენებდნენ სამსახურში, შეეძლო Tesla-ს მფლობელის საცხოვრებელი ადგილის დადგენა და ეჩვენებინა, სად იყო გაკეთებული ჩანაწერი.
ჩანაწერის გაკეთება გაჩერებულ მანქანაშიც იყო შესაძლებელი, მაგალითად, ავტოფარეხში ან კერძო საკუთრებაში.
ასევე, საერთო სასაუბროში გაზიარებული იყო ავარიები და საგზაო ინციდენტები. ერთ-ერთ ჩანაწერში ჩანდა, როგორ ეჯახება ავტომობილი ბავშვს. ძაღლების სურათები და სასაცილო საგზაო ნიშნები, რომლებსაც თანამშრომლები აქცევდნენ მიმებად სახალისო წარწერებით ან კომენტარებით ჩატში აქვეყნებდნენ.
ბოლო წლებში Tesla-ს ავტომობილების კამერების მიმართ უნდობლობა ჩინეთშიც გაჩნდა. ზოგიერთ სამთავრობო უწყებასა და საცხოვრებელ უბნებში Tesla -ს შესვლა აკრძალეს კიდეც.
Tesla ამ დრომდე ირწმუნებოდა, რომ ავტომობილებში კამერების მიერ გაკეთებული ჩანაწერები „ანონიმურად რჩება”.
კომპანიამ განმარტა, რომ კამერები მის ავტომობილებს ავტომატური მართვის უზრუნველყოფისთვის სჭირდება. ავტომობილებს ირგვლივ დამაგრებული რვა კამერა იმისთვისაა, რომ შეაგროვოს მეტი მონაცემი და მძღოლს მეტი შესაძლებლობები შესთავაზოს.
Tesla-ს ავტომობილებს შეუძლია ღილაკზე დაჭერით შეიცვალოს მოძრაობის ზოლი და დაპარლინგება. მას აქვს ავტომატური შენელების შესაძლებლობაც, როდესაც ის გაჩერების ნიშნებს ან შუქნიშნებს უახლოვდება.