Temu-ს საყიდლების აურზაური
Temu ბოლო დროის ყველაზე პოპულარულ ელექტრონული კომერციის საიტად იქცა. მან დაბალი ფასებით და სხვადასხვა გათამაშებით მილიონობით მომხმარებელი მიიზიდა.
მილიარდ დოლარიანი ჩინური სავაჭრო პლატფორმა ისეა შექმნილი, რომ მომხმარებელთა ტვინს უკარნახოს, რომ „იშოპინგოს”.
მომხმარებლები ამბობენ, რომ Temu -ს შეთავაზებებზე უარის თქმა თითქმის შეუძლებელია და რომ საცალო ვაჭრობის აპლიკაციაში შესვლისთანავე მიხვდნენ, რომ ვირტუალურ კაზინოში აღმოჩნდნენ.
როგორ იზიდავს Temu მომხმარებლებს?
პირველ რიგში, უფასო მიწოდებით და ფასდაკლებით, ასევე სასაჩუქრე კუპონებით. ისევე, როგორც სხვაგან, საქართველოშიც Temu უფასო მიწოდების სერვისი აქვს სახლის კარამდე, რის გამოც, სხვა საიტებთან შედარებით, უპირატესობით სარგებლობს.
საიტზე არის ყველაფერი, იაფი საოჯახო ნივთებით დაწყებული, ელექტრონული მოწყობილობებით დამთავრებული.
ბევრმა იცის, რომ საიტზე ნაყიდი ნივთი შეიძლება იყოს უხარისხო, მაგრამ უკან არ დააბრუნებს, რადგან ის $10 -ზე ნაკლები ღირს.
„წინდები საშინელი ხარისხია, გადასაგდები სინთეტიკა, თუმცა რეიტინგი ჰქონდა და კარგი რევიუც”. „მაისურები ლამაზია მაგრამ ძალიან დაბალი ხარისხის. მოკლედ ტანსაცმელს მე არასდროს გამოვიწერ. თუმცა, წვრილმანი რაღაცები ყველაფერი კარგია”. „ზოგჯერ მიღებული ნივთი რადიკალურად განსხვავდება ფოტოზე ნაჩვენებისგან. შეიძლება 2 ზომით დიდიც იყოს”. „საზაფხულო ფეხსაცმელში 43 ლარი გადავიხადე და აღმოჩნდა ნაგავი. ჩემი გამოცდილებით, ტანსაცმლის შეძენას არ გირჩევთ”. „უფასო ტრანსპორტირება და 10 დღეში ჩამოსვლის პერსპექტივა უფრო მომეწონა ამ აპლიკაციაში”- წერენ სოციალურ ქსელებში ქართველი მომხმარებლები, რომლებმაც უკვე გამოიწერეს საიტიდან ნივთები.
Temu ფასებს მომხმარებლის ფსიქოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით ადგენს.
კერძოდ, ბონუსები და კუპონები, რომელიც კლიენტებს ვიდეო თამაშებითაც შეუძლიათ დააგროვონ, აიძულებს მათ გააგრძელოს „შოპინგი”.
ვიდეო თამაშების „სატყუარამ” გაამართლა. ისეთმა ცნობილმა ბრენდებმაც კი, როგორიცაა Starbucks და Sephora, თავიანთ ონლაინ პრიზების პროგრამებს, ვიდეო თამაშები დაამატეს.
მაგალითად, Lacoste-ს აქვს ნიანგებზე ნადირობის თამაში, რომელშიც მყიდველები პრიზებს იგებენ.
Temu ასევე ხშირად იყენებს ანიმაციებს მომხმარებელთა ყურადღების მისაპყრობად.
Temu -ს წარმატების საიდუმლო
როგორც ექსპერტები ამბობენ, დაბალი ფასები მომხმარებლებს აძლევენ დოფამინის მცირე დოზას და აიძულებს მათ საიტზე მეტის დასახარჯად დაბრუნდნენ. რეგულარული აქციები ზრდის მყიდველთა ჩართულობას.
Temu აქტიურად იყენებს „გადაუდებელად ყიდვის” ტაიმერს, რათა დაარწმუნოს მომხმარებლები, რომ შეთავაზებები მალე ამოიწურება.
ასევე ხშირად იყენებს ანიმაციურ ელემენტებს მომხმარებელთა ყურადღების მიპყრობისთვის.
საიტი იყენებს დამაჯერებლობის ტექნიკას, რომელიც ასევე ძალიან ეფექტურია.
მყიდველს შეუძლია ნახოს პროდუქტის მიმოხილვა და ხუთვარსკვლავიანი შეფასებების რაოდენობა, ასევე რამდენმა ადამიანმა შეიძინა იგი ბოლო 24 საათის განმავლობაში და იმ მომხმარებლების რაოდენობა, რომლებსაც ეს პროდუქტი ამჟამად აქვთ კალათაში. ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად ეხმარება კლიენტს, შეუერთდეს Temu -ს კლიენტების არმიას.
“სპირალი”
ზოგიერთი მომხმარებელი აცხადებს, რომ Temu -ს ტაქტიკა იმდენად კარგად მუშაობს, რომ გაყიდვების პლატფორმაზე დამოკიდებულები გახდნენ.
მას ხშირად არარეალურად დაბალი ფასები აქვს, რადგან ფსონი აქვს დადებული გრძელვადიან სტრატეგიაზე და შეუძლია იმუშაოს ზარალზე და ეს იმ დრომდე გააგრძელოს, სანამ ყველა კონკურენტს არ დაასუსტებს.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, არცერთ კომპანიას შეუძლია კონკურენცია გაუწიოთ Temu-ს ფასს.
გასული წლის დასაწყისში Temu ჯერ კიდევ არ იყო შეერთებულ შტატებში. ახლა კი მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს აშშ-ში შევა 1 მილიარდზე მეტი ამანათი, საშუალოდ $50-ის ღირებულების, რაც მზარდი მოთხოვნით არის გამოწვეულია.
თუმცა, ასეთი წარმატების მიუხედავად, ის აშშ-ში უსაფრთხოდ არ არის.
საფრთხე საცალო ვაჭრობისთვის
კომპანია უკვე იმყოფება მარეგულირებლების დაკვირვების ქვეშ, მონაცემების და სავაჭრო პირობების დარღვევისთვის, როგორიცაა De Minimis Value ბარიერი აშშ-ში, სადაც $800-ზე ნაკლები ღირებულების შეკვეთები თავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან.
აშშ-მა უკვე შეუტია საბაჟო ბროკერებს, რომლებიც Shein-ის და Temu-ს მილიარდობით დოლარის იაფფასიან ონლაინ სავაჭრო შეკვეთებს ახორციელებენ, რაც სავარაუდოდ, მიწოდების შეფერხებას გამოიწვევს.
შეერთებული შტატების საბაჟო და საზღვრის დაცვამ გასული კვირის ბოლოს გამოაცხადა, რომ ბევრ ბროკერს დაჩქარებული განბაჟების პროგრამა შეუჩერა ნაწილობრივ იმის გამო, რომ ქვეყანაში კონტრაბანდა იყო შეტანილი.
ზოგიერთი ამერიკელი კანონმდებელი ამბობს, რომ წესები, რომლებიც $800-ზე ნაკლები ღირებულების პაკეტებზე ნაკლებ საბაჟო გადასახადს ითვალისწინებს, ელექტრონული კომერციის ჩინურ ფირმებს არასამართლიან უპირატესობას ანიჭებს ადგილობრივ საცალო ვაჭრობასთან შედარებით.
ასევე დაიწყო გამოძიებები Temu-ს ბიზნეს მოდელის ეთიკურობის შესახებ და სერიოზულ ბრალდებებს უყენებენ იძულებითი შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის გაყიდვისთვის.
საიტს ევროკავშირში 75 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სავარაუდოდ უფრო მკაცრი მონიტორინგის წინაშე აღმოჩნდება.