Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი $5,56 მილიონის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ის კვირაში ორჯერ უნდა გამოცხადდეს საფრანგეთის პოლიციის განყოფილებაში.
დუროვი ოფიციალური გამოძიების ქვეშ რჩება. საფრანგეთის პროკურატურამ მას ქვეყნის დატოვების აუკრძალა.
რუსი წარმოშობის მილიარდერს ედავებიან პლატფორმაზე კრიმინალურ აქტივობას, მათ შორის არალეგალურ ტრანზაქციებში თანამონაწილეობას და ხელისუფლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმას. თუმცა მისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წაუყენებიათ.
Telegram კატეგორიულად უარყოფს ტრეფიკინგთან, სიძულვილის ენის გავრცელებასა და პედოფილიის დანაშაულებთან კავშირს, რაშიც დუროვს ადანაშაულებენ.
39 წლის დუროვი შაბათს დააკავეს პარიზის აეროპორტში. მას 96 საათამდე პატიმრობა მიუსაჯეს, რაც საფრანგეთის კანონმდებლობით ბრალის წაყენებამდე მაქსიმალური ვადაა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ორშაბათს განაცხადა, რომ დუროვის დაკავება „არანაირად არ იყო პოლიტიკური“.
Telegram 2013 წელს დუროვმა და მისმა ძმამ, ნიკოლაიმ დააფუძნეს. დუროვმა ივლისში გამოაქვეყნა პოსტი, რომ აპლიკაციას უკვე 950 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა.
დუროვი საბჭოთა კავშირში 1984 წელს დაიბადა. მან ქვეყანა 2014 წელს დატოვა და დუბაიში ცხოვრობდა, სადაც Telegram-ის სათაო ოფისი მდებარეობს, ამასთან, მას საფრანგეთის მოქალაქეობაც აქვს.
Bloomberg-ის თანახმად, მისი ქონება $9,15 მილიარდად არის შეფასებული. დუროვმა თქვა, რომ მას 100 ბიოლოგიური შვილი ჰყავს, რადგან სპერმის დონაციას ახორციელებს.