TBC Capital-ის პროგნოზით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ზე მეტად გაიზრდება. კომპანია მიმდინარე წლის დასაწყისში 5%-იან ზრდას პროგნოზირებდა.
TBC Capital-ის მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში შედარებით ნორმალიზებული, თუმცა, მაინც მაღალი ეკონომიკური აქტივობაა. ამას ადასტურებს გასულ კვირას გამოქვეყნებული ოფიციალური მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიც, საიდანაც ჩანს, რომ საგარეო ვაჭრობისა და გზავნილების დინამიკა კვლავაც აქტიურია.
აპრილში ტურისტული შემოდინებების წლიური ზრდა ძალზე მაღალია იმ მიგრანტების გარეშეც, რომლებსაც უკვე რეზიდენტის სტატუსი აქვთ მინიჭებული. თუმცა, ტურისტული ნაკადი, წინა თვეებთან შედარებით, უფრო ნაკლებია. ამასთან, მიგრაციის ეფექტის მთლიანად გათვალისწინების შემთხვევაში, ზრდის ტემპი აჩქარდა კიდეც.
მთლიანობაში, TBC-ის არხებით უნაღდო ანგარიშსწორებისა და დღგ-ის ბრუნვების წინასწარი მაჩვენებლები მეორე კვარტალში, პირველთან შედარებით, ეკონომიკის ზრდის უფრო ზომიერ ტემპზე მიუთითებს. როგორც TBC Capital-ის შეფასებაშია აღნიშნული, წინასწარი ინდიკატორები მიუთითებს, რომ სრული 2023 წლისათვის ეკონომიკა 6%-ზე მეტად გაიზრდება..