ინფლაციის შემცირების მიუხედავად, მომსახურების ფასების დონე, რომელიც ყველაზე კარგად ასახავს შიდა მოთხოვნას, კვლავ მაღალია – ასეთ შეფასებას აკეთებს TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტი.
TBC Capital-ის ეკონომისტის პროგნოზით, ივნისში წლიური ინფლაციის 0.6%-იან დონემდე შემცირების მიუხედავად, მომავალში ფასების ცვლილება, ზრდის მიმართულებით, მოსალოდნელია.
„ძლიერი სავალუტო შემოდინებების ფონზე, ვფიქრობთ, რომ სებ-ის ინტერვენციები კვლავ გაგრძელდება, ხოლო წლის ბოლოსათვის რეფინანსირების განაკვეთის 9.5%-მდე დაწევა საკმაოდ რეალისტურია. კვლავ მოსალოდნელია ლარის გამყარება ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით“, – აღნიშნავს TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტი.
მისი პროგნოზით, ივლისში ინფლაცია, სავარაუდოდ, 0.6%-დან კიდევ შემცირდება.
„მომსახურების ინფლაციის მხრივ კი, იმდენად, რამდენადაც სამომავლოდ ეკონომიკის ზრდის 5%-იან ნიშნულთან უფრო დაახლოება საბაზო სცენარია, ვფიქრობთ, რომ სამომხმარებლო ფასების ეს კომპონენტიც ეტაპობრივად სამიზნესთან ახლო იქნება”, – აღნიშნულია შეფასებაში.
ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს.