საბანკო შეტყობინებების გლობალური ქსელი SWIFT ახალი პლატფორმის გაშვებას გეგმავს, რომელიც ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების ნაკადებს არსებულ ფინანსურ სისტემასთან დააკავშირებს.
პლატფორმის ამოქმედება მომდევნო ერთი-ორი წლის განმავლობაში მოხდება. ამის შესახებ Reuters წერს.
მსოფლიოს ცენტრალური ბანკების დაახლოებით 90% ახლა მათი ვალუტების ციფრულ ვერსიებს ამუშავებენ. როგორც გამოცემა წერს, მათი უმეტესობა ცდილობს, რომ ბიტკოინს და სხვა კრიპტოვალუტებს არ ჩამორჩნენ, თუმცა, გარკვეულ ტექნოლოგიურ პრობლემებს აწყდებიან.
SWIFT-ის ინფორმაციით, ახალი პლატფორმის ტესტირება ექვსი თვე გრძელდებოდა და მასში ცენტრალური ბანკების, კომერციული ბანკებისა და ანგარიშსწორების პლატფორმების ჯგუფის 38 წევრი მონაწილეობდა.
ტესტირებამ აჩვენა, რომ პლატფორმის გამოყენებით შესაძლებელი იქნება რთული სავაჭრო ან სავალუტო გადახდების განხორციელება და ხელს შეუწყობს პროცესების დაჩქარებას და ოპერაციების ღირებულების შემცირებას.
ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტა(CBDC) განვითარებულია და უკვე ფუნქციონირებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბაჰამის კუნძულები, ნიგერია და იამაიკა.
ჩინეთი ასევე სწრაფად მიდის წინ ციფრული იუანის შემოღების მიმართულებით.
ევროპის ცენტრალური ბანკი ასევე ავითარებს ციფრულ ევროს.
SWIFT-ის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მისი ქსელი უკვე გამოიყენება 200-ზე მეტ ქვეყანაში და აკავშირებს 11500-ზე მეტ ბანკსა და ფონდს, რომლებიც მას ყოველდღიურად ტრილიონობით დოლარის გასაგზავნად იყენებენ.