Starlink სატელიტურ ქსელთან კავშირი პირდაპირ მობილური ტელეფონიდან იქნება შესაძლებელი.
ახალი ფუნქცია იმუშავებს ნებისმიერ LTE სტანდარტის (მეოთხე თაობის მაღალსიჩქარიანი მობილური ინტერნეტი 4G), მქონე ტელეფონისთვის, მთავარია მოწყობილობა ცას ხედავდეს.
SpaceX-ის ახალი სერვისი Starlink Direct to Cell გაშვება მობილურ მოწყობილობებზე 2024 წელს იგეგმება.
Starlink-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიის მიხედვით, 2024 წელს ახალი სერვისი შემოიფარგლება ტექსტური შეტყობინებებით, მაგრამ 2025 წელს გაჩნდება ხმოვანი და მონაცემთა ფუნქციები, ასევე ფაილების გადაცემის შესაძლებლობა.
„Direct to Cell მუშაობს არსებულ LTE ტელეფონებთან, ყველგან, სადაც ცა ჩანს. ის უზრუნველყოფს ტექსტზე, ხმასა და მონაცემებზე უწყვეტ წვდომას. არ არის საჭირო ტექნიკის, პროგრამული უზრუნველყოფის ან სპეციალური პროგრამების შეცვლა“,– ნათქვამია Starlink-ის ცნობაში.
კომპანია აღნიშნავს, რომ Starlink-ის Direct to Cell თანამგზავრებს აქვთ მოწინავე eNodeB მოდემი, რომელიც მოქმედებს როგორც მობილური საკომუნიკაციო ანძა კოსმოსში, რაც ქსელში ინტეგრაციის საშუალებას იძლევა, სტანდარტული როუმინგული პარტნიორის მსგავსად.