Starbucks Corp-ს ბოლო რამდენიმე კვირაა პრობლემები აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, Starbucks-მა საბაზრო ღირებულების თითქმის $11 მილიარდი დაკარგა ბრენდის მიმართ ბოიკოტისა და თანამშრომლების გაფიცვების გამო.
ზარალის შესამცირებლად Starbucks-მა საშობაო დღესასწაულის მოახლოებისთანავე ცნობილი აქცია წითელი ფინჯნის დღე წამოიწყო.
აღნიშნული მარკეტინგული სტრატეგია მომხმარებლებისთვის ნებისმიერ შეკვეთაზე, ერთ ფინჯან უფასო სასმელს ითვალისწინებს. თუმცა, აქციის მიუხედავად, ნოემბრის შუა რიცხვებში, Starbucks-ის აქციების ფასი 8,96%-ით დაეცა, რაც $11-მილიარდიან ზარალს ნიშნავს. ეს ყველაზე დიდი დანაკლისია კომპანიისთვის 1992 წლის შემდეგ
Starbucks-ის პრობლემები გამოწვეულია ბოლოდროინდელი გლობალური ბოიკოტით, რომელსაც პალესტინის მხარდამჭერები დასავლური ბრენდების წინააღმდეგ მიმართავენ. ამას დაემატა კომპანიის თანამშრომელთა პერმანენტული გაფიცვები.
Starbucks-ის აღმასრულებელი დირექტორი ლაქსმან ნარასიმჰანი ამბობდა, რომ დანაკარგის მიუხედავად, კომპანიას შეეძლო იმიჯის აღდგენა. მაგრამ სტატისტიკა სხვა სურათს აჩვენებს.
მაგალითად, შარშან წითელი ფინჯნის დღემ Starbucks-ის ქსელში გაყიდვების 81%-იანი ზრდა მოიტანა, წელს კი მხოლოდ – 31,7%.
ოქტომბერში Starbucks-მა შეიტანა სარჩელი თანამშრომელთა პროფკავშირის წინააღმდეგ პოსტის გამო, რომელიც ამ უკანასკნელმა პალესტინის სოლიდარობის ნიშნად X-ზე გაავრცელა. პოსტი გამოქვეყნებიდან დაახლოებით 40 წუთში წაიშალა.
დასავლური ბრენდების წინააღმდეგ პროტესტის ფართო ტალღაში, რომელთა შორის Starbucks-იც არის, ეგვიპტე, იორდანია და თურქეთი არიან ჩართული. ამ ქვეყნებში პალესტინის მხარდამჭერი ორგანიზაციები მოუწოდებენ მომხმარებლებს, არ შეიძინონ პროდუქცია იმ ბრენდებისგან, რომლებსაც ფინანსური კავშირები აქვთ ისრაელთან და მხარს უჭერენ ჰამასის წინააღმდეგ ომში.
ეს კომპანიები არიან McDonald’s, Starbucks, Nestle, IBM.და KFC. მათ წინააღმდეგ მომხმარებელთა პროტესტმა აქტიური სახე მიიღო. მოძრაობა თანდათან ძლიერდება სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის ქუვეითში, მაროკოში, ინდონეზიასა და მალაიზიაში.