Business Story
Starbucks მსოფლიოში ყავის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა 32 ათასზე მეტი მაღაზიით, მაგრამ ბევრმა არ იცის Starbucks-ის ბიზნესისტორია.
Starbucks-ის პირველი მაღაზია 1971 წლის 31 მარტს სიეტლში გაიხსნა.
სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის სამი სტუდენტი – ჯერი ბოლდუინი, ზევ სიგლი და გორდონ ბოუკერი საერთო ინტერესმა გააერთიანა.
ყავის მაღაზიის დაარსება კი მათ მეწარმე ალფრედ პიტმა შთააგონა, რომელმაც სტუდენტებს ყავის მარცვლების მოხალვის ტექნიკა გაუზიარა.
თავდაპირველად, პირველ მაღაზიაში, რომელიც სიეტლში Pike Place Market-ში მდებარეობდა, მომხმარებელს მხოლოდ მაღალი ხარისხის მოხალულ მარცვლებს, ჩაისა და სანელებლებს სთავაზობდნენ.
მალე სტუდენტები მხატვარ ტერი ჰეკლერთან შეიკრიბნენ, რათა განესაზღვრათ თავიანთი ახალი ბრენდის იდენტობა.
მათი აზრით, კომპანიის სახელი უნდა უკავშირდებოდეს თავგადასავლებს, გამოხატავდეს კავშირს ჩრდილო-დასავლეთთან და ადრეული ყავით მოვაჭრეების საზღვაო ტრადიციებთან. გორდონ ბოუკერმა თავდაპირველად შესთავაზა მეგობრებს Pequod – ხომალდის სახელი ჰერმან მელვილის რომანიდან Moby-Dick.
თუმცა, ე.წ. „ტვინის იერიშის“ შედეგად არჩევანი Starbucks-ზე შეჩერდა: ტერი წააწყდა დასახელება Starbo-ს, რომელმაც საბოლოოდ გუნდი დააბრუნა იქ, საიდანაც დაიწყეს – Moby-Dick-თან. Starbuck Moby-Dick-ის ერთ-ერთი პერსონაჟი იყო. ასე დაიბადა Starbucks.
ლოგო, რომელიც 1971 წელსვე შეიქმნა, ყავისფერში იყო – მიწის, სტაბილურობის სიმბოლო; მასზე გამოსახული ქალთევზა – კავშირი საზღვაო თემასთან – ყავის უძველესი მოვაჭრეების საზღვაო ტრადიციებთან. ქალთევზა, რომელიც მიიზიდავდა ყავის მოყვარულებს და სანაცვლოდ მაღალი ხარისხის სასმელს შესთავაზებდა. ლოგოზე წარწერა ასე გამოიყურებოდა: Starbucks Coffee, Tea, and Spices.
1980-იანი წლების დასაწყისისთვის მეგობრებმა სიეტლში კიდევ ოთხი მაღაზია გახსნეს და ჰოვარდ შულცის ყურადღებაც დაიმსახურეს. 1982 წლიდან შულცი Starbucks-ის მარკეტინგს ჩაუდგა სათავეში და 1983 წელს იტალიაში მოგზაურობის შემდეგ, Starbucks სრულიად ახალი მიმართულებით წაიყვანა.
შულცი შთაგონებული იყო მილანში ნანახი ყავის მაღაზიებით. შენიშნა, რომ ესპრესო ბარები უფრო მეტი იყო, ვიდრე ყავა. ის ადამიანებისთვის ერთგვარი დასასვენებელი ადგილი და ყოველდღიური რუტინის ნაწილი იყო და გადაწყვიტა, შეექმნა სივრცე, სადაც ადამიანები არამარტო მოხალულ მარცვლებს იყიდდნენ, არამედ მაღალი ხარისხის გემრიელ ყავასაც დააგემოვნებდნენ, თან დაისვენებდნენ კიდეც. თავდაპირველად დამფუძნებლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ამ იდეას. თუმცა, იდეის გამოცდა სიეტლის ცენტრში, ერთ-ერთ ლოკაციაზე მაინც გადაწყვიტეს. სწორედ აქ მიართვეს პირველი Starbucks® Caffè Latte მომხმარებელს და ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა – ასე დაიბადა ყავის სახლის კონცეფცია.
მოგვიანებით, 1985 წელს შულცმა დატოვა Starbucks და დააარსა საკუთარი კომპანია Il Giornale. კომპანია, რომელიც შთაგონებული იყო რიტუალითა და რომანტიკით, მომხმარებელს ყავის მრავალსახეობას სთავაზობდა. იტალიური სტილის Il Giornale საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.
1987 წელს შულცმა $3,8 მილიონად მთლიანად შეიძინა Starbucks-ის აქტივები, გააერთიანა Il Giornale და Starbucks და და გახდა Starbucks Corporation-ის მფლობელი.
Starbucks-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლო მომხმარებლის კეთილგანწყობის მოპოვება. გაიხსნა მაღაზიები ჩიკაგოში, ილინოისში, ვანკუვერში (კანადაში).
Starbucks ამაზე არ შეჩერებულა. ის აგრძელებდა განვითარებას და, შესაბამისად, იზრდებოდა მისი პოპულარობაც. 1996 წელს გახსნა თავისი პირველი მაღაზია იაპონიაში, 1998 წელს მაღაზიები – ევროპაში, 1999 წელს კი – ჩინეთში.
Starbucks-ს მუდმივად ლიდერი პოზიცია ეკავა ყავის ბაზარზე, ტრადიციულის პარალელურად ის მუდამ ეძებდა სიახლეებს და ასე ცდილობდა ადამიანების დაინტერესებისა და მოზიდვის ახალი გზების მოძიებას.
ბიზნესის განვითარებასთან ერთად იცვლებოდა Starbucks-ის ლოგოც – ქალთევზა, რომელიც არის ბრენდის სახე, მუზა, იმიჯი – უცვლელია. 1971 წლიდან დღემდე ლოგო რამდენჯერმე შეიცვალა და საბოლოდ ასეთი სახე მიიღო:
შულცი კარგი მენეჯერი და სტრატეგია, რომელიც ზრუნავს, ბრენდი იყოს მუდმივად ინოვაციური.
Starbucks-ს აქვს მომხმარებელთან ურთიერთობის გამორჩეული კულტურა, რაც კიდევ უფრო ეხმარება განვითარებასა და წარმატებაში.
2022 წელს Starbucks დასახელდა, როგორც საუკეთესო კომპანია, რომელიც ზრუნავს თანამშრომლების ცხოვრება-მუშაობის ბალანსზე; 2021 წელს კი – როგორც საუკეთესო დამსაქმებელი სიეტლში.
ნომინაციებში Starbucks-მა საკუთარი თანამშრომლების შეფასებებით გაიმარჯვა. თანამშრომლები კმაყოფილნი არიან თავიანთი სამუშაო გამოცდილებით. მათ შეაფასეს ბრენდის საერთო და კორპორაციული კულტურა, კომპენსაციის სისტემა, მისია, ხედვა…
Starbucks დღეს მსოფლიოში უამრავი ადამიანის ფავორიტია. ეს არის მაღალი ხარისხის, გემრიელი ყავა და სივრცე ფინჯანი ყავის დასალევად, უბრალოდ, დასასვენებლად და თუნდაც სამუშაოდ.
Starbucks-მა შეძლო, ათწლეულების მანძილზე შეენარჩუნებინა თავისი ადგილი – ლიდერის პოზიცია ინდუსტრიაში და იმედია, კიდევ დიდხანს გაგრძელდება ასე.