საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს საბანკო სექტორის რისკის შეფასების მიმოხილვა გამოაქვეყნა.
S&P-მა შეაფასა ქვეყნების საბანკო სექტორის არსებული ტენდენციები, ძლიერი და სუსტი მხარეები, მთავარი გამოწვევები და მაკროეკონომიკური რისკები.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს კვლავაც შეუნარჩუნდა არსებული მაჩვენებელი და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება – 7 ქულა აქვს.
S&P-ის შეფასება მოიცავს ექვს კატეგორიას, მათ შორისაა ეკონომიკური მდგრადობა, ეკონომიკური დისბალანსი, ეკონომიკაში დაკრედიტების რისკები და სხვა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური დისბალანსის კრიტერიუმში, წინა წელთან შედარებით, საქართველოს საბანკო სისტემის პოზიცია გაუმჯობესდა და შეფასება მაღალი რისკიდან საშუალო რისკამდე შემცირდა.
ანგარიში ასევე აფასებს საბანკო სექტორის ძლიერ მხარეებსა და გამოწვევებს.
საბანკო სექტორის ძლიერი მხარეები
საქართველოს საბანკო ინდუსტრიის ძლიერ მხარედ დასახელებულია:
-
ფინანსური სექტორის მდგრადობა, რაც აისახა კაპიტალიზაციის და ლიკვიდობის დონეში
-
მომგებიანობა
-
დაბალი საკრედიტო დანაკარგებში
„რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა მაღალია. 2023 წლის ივლისში, ლარის გამყარებისა და სასაქონლო პროდუქტებზე ფასების შემცირების ფონზე, შემცირდა ინფლაცია, რის შედეგად ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი დაწია. ინფლაცია წელს საშუალოდ 2.4% იქნება და 2024 წელს მიზნობრივ ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება. 2023-2024 წლებში მოსალოდნელია სესხების 5-10%-მდე ზრდა”, – ნათქვამია S&P-ის შეფასებაში.
მთავარი გამოწვევა
S&P შეფასებაში ხაზს უსვამს, რომ საქართველოს საბანკო სექტორში მთავარ გამოწვევად კვლავ მაღალი დოლარიზაცია რჩება.
სარეიტინგო სააგენტომ აღნიშნა პროგრესი დოლარიზაციის შემცირების კუთხით, რომ დოლარიზაციის მაჩვენებელი სესხებში 45%-ს შეადგენს.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში,ბანკების მიერ გაცემულ სესხებში ლარიზაციის მაჩვენებელი 0,18%-ით შემცირდა და 54,82%-ს შეადგენს.